ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იურისტ...
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2011


აფხაზი ქალის - მეგრული ნანა



1942 წელი. აფხაზეთი. სოფ. ილორი.
რკინიგზის სადგური სავსეა თავგადაპარსული ბიჭებით. მალე მატარებელიც ჩამოდგება ბაქანზე და მათ ფრონტის ხაზზე წაიყვანს. მანამდე კი... ემშვიდობებიან მშობლებს, ცოლ-შვილს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს...არის ბევრი ცრემლი, ხვევნა-კოცნა..
მატარებელი აივსო. ბაქანზე მხოლოდ თვალცრემლიანი გამცილებლები დარჩნენ.  მოულოდნელად გამცილებელთა რიგებიდან ერთი ახალგაზრდა გამოვარდა, უკვე დაძრულ მატარებელს დაედევნა და მეორე ვაგონში ფანჯარასთან მდგომ ყმაწვილს მეგრულად მიაძახა: ,,დავით! გოგოა, გოგოოო...’’ ---- ,,დინა დაარქვით დინა...ჩემს ჩამოსვლამდე ნურაფერს გაუჭირვებთ...... მე მალე დავბრუნდები.....’’ –გაისმა პასუხი ასევე მეგრულად.

დავითი არ დაბრუნებულა. 1943 წელს სოფლში მისი გარდაცვალების ცნობა მოვიდა. ასე დაობლდა მამით დინარა გაბისკირია, რომელსაც მამა მხოლოდ სურათით ენახა...სახლში სამნი დარჩნენ: დინა, დედამისი ლალი და ექვსი წლით უფროსი და ნანა.
დედა მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ საჭმელი და სითბო არ მოკლებოდა უმამოდ დარჩენილ ბავშვებს. თვითონ ნახევრად მშიერი და ჩაუცმელი დადიოდა...თავისი თბილი ქურქი დაჭრა და ბავშვებს გადაუკეთა ზამთარში რომ არ შესციებოდათ. ბავშვების გაზრდაში მას მეზობლად მცხოვრები აფხაზი ოჯახიც ეხმარებოდა.

მძიმე შრომამ მძიმე შედეგი გამოიღო. 1949 წელს ლალი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. ქ. ოჩამჩირედან ჩამოვიდა მამიდა ნონა გაბისკირია, რათა თავისთან წაეყვანა ძმისშვილები გასაზრდელად, მაგრამ  უარი მიიღო... 13 წლის ნანამ თავის თავზე აიღო 7 წლის დინარას მოვლა და მშობლიურ კედლებში, საიდანაც დედის და მამის გადიდებული სურათები უცქერდნენ დარჩენა არჩია...

1950 წელი. იანვარი. ირგვლივ ყველაფერი თოვლით არის დაფარული. დინა და ნანა სევდიანად მისჩერებოდნენ აფხაზი მეზობლის ღობიდან გამოცლილი ფიჩხით დანთებულ ბუხარს  (თავიანთი ღობით დეკემბრის თვეში გაათბეს სახლი). მათი თანატოლები კი მხიარულად სრიალებდნენ თოვლში და თოვლის ბაბუას გაკეთებისათვის ემზადებოდნენ.
თოვლი არც თებერვალში აპირებდა წასვლას. აღარც ფიჩხები იყო და ნანა საწოლში ჩახუტებული ათბობდა დინას.  საღამოს ბავშვებს სოფლის ექიმმა მოაკითხა, ხშირად აკითხავდათ. ერთი კვირის წინ კი, ძალიან არ მოეწონა სახეზე ნანას ფერი და ანალიზებისათვის ქალაქის საავადმყოფოში აპირებდა მის წაყვანას. წასვლაზეც შეთანხმდნენ.

27 თებერვალს ექიმს ნანას ანალიზების პასუხი ეკავა ხელთ, საიდანაც მძიმე დიაგნოზი იკითხებოდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ სავარაუდოდ გოგონა გაზაფხულს ვერ შეხვდებოდა. მართლაც... 25 თებერვალს დინა ძლიერ ეხუტებოდა თავის დას, მაგრამ ის ვეღარ ათბობდა...

1987 წელი. ქ. ოჩამჩირე. აფხაზი მეზობლის მეგრულ ნანაზე გაზრდილი დინა უნივერმაღში წიგნების განყოფილებაში მუშაობს. მიუხედავათ მძიმე წარსულისა მეგობრებთან ლაღი და მხიარულია. არ აკლდება მათ შეკრებებს, გარდა ახალი წლისა.  ყოველ ახალ წელს იგი დედისა და დის საფლავზე ხვდება ლამაზად მორთულ ნაძვის ხესთან ერთად. ეფერება მათ სურათებს და იქიდან წამოღებული სითბო თან დაჰყვება მთელი წელი.

1993 წელი. აფხაზი მეზობლის მეგრული ნანა აფხაზი სეპარატისტების ტყვიის ზუზუნმა შეცვალა... დინაც დაადგა სვანეთის გზას, სადაც თოვლი იყო მისი საჭმელიც, სასმელიც და საბანიც...

1994 წელი... ქ. ზუგდიდი. მიტოვებულ შენობაში სამმა ოჯახმა დაიდო ბინა. მათ შორის დინარამაც მოიწყო თავისთვის პატარა კუთხე...პატარა სარკმელით და პატარა იმედით, რომ ისევ დაბრუნდებოდა მშობლიურ კუთხეში...

2010 წლის 28 დეკემბერი. ქ. ზუგდიდი. დინარას ქუჩაში ჟურნალისტი აჩერებს და შეკითხვაზე ,,როგორი განწყობითა და იმედებით ხვდებით 2011 წელს’’ --- პასუხობს: ,,2011 წელს ვხვდები იმ იმედით, რომ აფხაზეთში ფეხშიშველი შემოვურბენ ჩემს ეზო-კარს, გემრიელად დავლევ მდინარე ღალიძგის უგემურ და ბინძურ წყალს, მოვეფერები დედის და დის საფლავებს და კვლავ ავამღერებ მეგრულად ჩემს აფხაზ მეზობლებსა და მეგობრებს.....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები