ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2008


დოქი

  ერთხელ ასეთი რამ მოვიფიქრე:  ამეღო  ჩახრუხაული შაირის ფორმა,შემექმნა მისი მოდერნიზებული ვარიაცია.დამეტოვებინა შიდა რითმები,გრაფიკულად დამესახსრა ...
ამ ლექსის პირველი სტრიქონი  ''თამარის ქების'' ლამის პირდაპირი კოპირებაა,ოღონდ პირველი სიტყვა,თუმცა სახელი ''თამარივით'' ასო=ბგერა თანით იწყება,არის ''თიხა''.
რატომ ,,თიხა''?
ამ კითხვაზე საპასუხოდ მოგიწევთ ამ ვრცელი ლექსის მთლიანად წაკითხვა.
ის.ვისაც ლექსის სტრიქონებში  მიმალულ საიდუმლოთა ძიება იზიდავს,მჯერა,კვლავ მოუბრუნდება ლექსს.


დოქი

თიხა - წყნარი, შესაწყნარი,
ძირბნელი და პირნათელი -
ბნელგრილოში დავრჩი ისევ,
შენი ნაწარნაქალი.
სად ხარ, ჩემო მეთუნეო,
უფარავი ვინ დაფაროს!
ვიდექ ჩემთვის დაბლა თაროს,
არც მეძებდა არავინ.
დამიარა ელვის ელდამ,
ამოსუნთქვა გამიძნელდა,
მყუდრო, თვლემამორეული
აირია მარანი.

ყურზე ხელის მოკარება,
ჟრიალი და ნეტარება
გულამომქრალს მეცნაურა,
არა, მეუცნაურა...
მაგრამ აღარ დამელია
გარეთ - ლაქა, შიგნით - ლექი.
მანჯღრია და მაჭანჭყარა,
მაინც გამძლე გამოვდექი.
სილაც ბევრი დამაყარა,
ამირია გონება,
დამაყვედრა წყალზე დგომაც,
მოლზე წამოგორებაც.
რა არ მითხრა სავაგლახო!
მერე პირქვე დამამხო.
განა ზღვიდან ამოზიდულ
ტანმოხატულ ამფორებს
ვინმე ასე მოკითხავდა
ნათითურ - ნაამბორევს?

რა ვიცოდი, თურმე სურდა
სხვა სასმელით ავევსე.
დაწრეტიდან ავსებამდე
ვეღარც მივუალერსე.
იქნებ თავი მოვაწყინე
მორაკრაკემ არაკთა?
რას არ იტყვის დოქი,
ერთხელ თუკი ალაპარაკდა.
მომანდომა - მოვინდომე
რაც იყო და რაც არა
სიტყვა აღარ დამაცალა,
მოყუდებით დამცალა.
მე მეგონა, ამავსებდა
სათავისოდ, თავიდან,
... ... ... ... ... ... ... ...
დამაგდო და წავიდა.

საღვინე და სავენახე
ნეტა სულ არ დავენახე!
რას მერჩოდა,
რაღად მითხრა,
დოქთა შორის მიცნიხარო,
იცი, მართლა მიყვარხარო,
ჩემი სულისდგმა ხარო?
ერთხელ ვსურდი თურმე სურად
და ნაწადიც აისრულა.
რა ვქნა,
როგორ განვიკითხო
მე - აყალომ აყალო?

მეთუნეო,
მეთუნეო,
მეთუნეო მაღალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები