ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაცია
ჟანრი: პროზა
21 აგვისტო, 2011


:)


I თავი

  ყველაზე ბედნიერად თავს ვგრძნობდი იმ ალუბლის ხეზე, სოფელში მეზობლის ბაღში რომ იდგა ქლიავისხელა, სველი ალუბლებით. რომლებსაც ძებნა არ სჭირდებოდათ. ყველა ხიდან წამოსული ალუბლები იქ იკრიბებოდნენ და არჩევანი იმდენად დიდი იყო, პირველ შეხედვაზე ვერ აარჩევდი საიდან დაგეწყო.
  მის მერე ოცდაათი წელი გავიდა და ყოველთვის, როცა ცხოვრების თავიდან, უკვე განვლილი ეპიზოდიდან დაწყების შეუძლებლობაზე ვფიქრობ, ისევ იმ ხეზე ვბრუნდები.
ყველაზე გემრიელი ალუბალი იყო.
ყველაფერზე გემრიელი ალუბალი იყო.
  ახლაც, როდესაც ცოლთან ერთად ჩემი სიმამრის გასვენებაზე მივდივარ მატარებლით, გონების თვალით ისევ მეზობლის ხისკენ მივდივარ. ჯერ იმ პირველ ორ წუთში ვარ, როდესაც არჩევანს ვერ ვაკეთებ რომელი მოვგლიჯო, სიმჟავის შეგრძნებით გამოწვეული წარმოსახვითი სიამოვნება ენას მისველებს და უკვე შევათვალიერე ერთი ყველაზე მსუქანი ალუბალი, როდესაც ჩემი ცოლი “შემთხვევით” ხელს უშვებს გაზეთს, რომელიც საბოლოო დანიშნულების ადგილს ჩემს სახეზე პოულობს.
გაინტერესებთ რატომ მყავს ასეთი ცოლი?
  ყოველთვის მინდოდა ჩემი რჩეული ქალი დედაჩემს მგვანებოდა. კიდევ ბევრი რაღაც მინდოდა ცხოვრებაში, რაც არ გამოვიდა. ასე რომ, მეც მაინტერესებს.
  არ მახსოვს როგორ შემოიპარა ჩემს ჩაკეტილ ცხოვრებაში. თითქოს ვიღაც არც იმდენად ახლობელმა, რომ უარის თქმა შემძლებოდა ყელგამობრდღვნით მთხოვა – ძმურად, ცოტა ხნით შემცვალეო, მეც ხათრით შევცვალე დროებით, ის კი აორთქლდა. თუმცა რა მიკვირს, მეც მასე არ მოვიქცეოდი?  მაგრამ არც ასეა საქმე. ნამდვილად ლამაზი იყო ერთ დროს, სასურათე სილამაზე ჰქონდა, რომლის შთაბეჭდილებაც არ უნდა გაიქარვო იმით, რომ ამ არსებას მოძრაობის ან ლაპარაკის საშუალება მისცე. ზუსტად მისი წყალობით დავრწმუნდი, რომ ადამიანს ყველაფერი საინტერესო შიგნით აქვს, მნიშვნელოვანი – გარეთ.
  უბოდიშოდ მაცლის სახიდან გაზეთს და კროსვორდს ავსებს. ჩვენ გარდა კუპეში კიდევ ერთი კაცია. მიზეზი იმისა, რომ კიდევ უფრო თავშეკავებით მოვიქცე მე, მაგრამ მთლად აიწყვიტოს ჩემმა ცოლმა. როდის იყო კროსვორდებს ავსებდა? მისი აზროვნება უცხოური ანეგდოტების იქით ვერ იხედება.
- ბეთჰოვენის ოპერა. შვიდი ასო.
  დანარჩენები ხომ შეავსო! უბრალოდ ამის არცოდნა არ ესირცხვილება. არ ვიცი პასუხი და რომც ვიცოდე ყურადღების ღირსად არ ჩავთვლიდი და არ ვუპასუხებდი. თვითონაც ხომ ჩვენი თანამგზავრისთვის ირჯება. ჰოდა ელოდოს “ბეთჰოვენს”.
- ფიდელიო, პასუხობს ისიც და ახლადშემოსული ბავშვიანი ქალი მევლინება მესიად, რომ უხერხულობისგან არ დავტოვო კუპე.
  ქალი გვესალმება და ნივთების განთავსებას იწყებს. თავიდან ყველანი მათ ვათვალიერებთ. ბავშვს მივაშტერდი. მახინჯია, არაფერი არ გიბიძგებს მოსაფერებლად ხელი გაიშვირო, უნახავი ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიხარბით აცეცებს მშიერ თვალებს. გულმოდგინედ წასმული ზელიონკის საშუალებით, შემიძლია დავთვალო მუწუკები მის სახეზე.
ერთი..
ორი..
სამიოთხიხუთი..
ღმერთო, მართლა ვითვლი! სასწრაფოდ შევწყვიტე და იმის შემდეგ, რაც ბოლოსდაბოლოს ახალი თანამგზავრები მოვარგე ჩვენს გარემოს, გადავწყვიტე დამეძინა. ოთხი საათის სავალი გზა მაინც იყო სოფლამდე და არ შემწევდა ძალა ეს დრო ამათთვის მომესმინა. ის-ის იყო დავკარგე რეალობის შეგრძნება, რომ ბავშვის კითხვამ  დამაბრუნა მატარებელში და მის მერე გასაქანი აღარ მომცა აზრობრივად ერთი სანტიმეტრით მაინც მოვშორებოდი მათ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ თვალები დახუჭული მქონდა: - დე რამდენ ხანში ჩავალთ? ის კაცი რას აკეთებს? ხუთი რამდენია? მე როდის მაქვს დაბადების დღე? ახალი წელი მალე მოვა? რატომ მითხარი თოვლის ბაბუა, ისაა... თოვლის ბაბუა არ არისო და სხვების მშობლები ატყუ.. ატყუებენო იმათო რომ..  და საჩუქრები თვითონ მოაქვთო?
დავიტანჯე, სანამ გავიგე რისი თქმა უნდოდა. თან რაღაც სასწაული კილოთი აჟღერებს სიტყვებს. ისე კი ადრე მოსვლია ქალს “სიმართლეში” გამოტყდომა.
დე ნაყინს მიყიდი? რატომ? არ გავცივდები.  - ვითომ დედის უარი მართლა ბავშვის გაციების შიშით იყო გამოწვეული, მაგრამ პატარა ფაშისტი მიუხვდა ნამდვილ მიზეზს და გამოცნობილი პასუხის ლოგიკით შემდეგი კითხვა დასვა:
ფული საიდან ჩნდება? რატომ გავჩუმდე? სირცხვილი რატომაა? გუდიანის არ მეშინია. სკოლაში როდემდე უნდა ვიარო? მასწავლებელი ქალია თუ კაცი? ზინა მასწავლებელი? მე რა უნდა გამოვიდე? ...
  სადღაც წავიკითხე ბავშვი დღეში 5000-მდე შეკითხვას სვამსო. ვინც ეს გამოიკვლია უნდა მოძებნოს კაცმა და საზოგადოების შეცდომაში განზრახ შეყვანისთვის, მათემატიკის შეურაცხყოფისათვის და ადამიანების წამებისთვის გაასამართლოს. მჯდარიყო ჩემს მაგივრად ამ კუპეში და თავს მოიკლავდა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა ბავშვების პოტენციალი, უთვალავი რიცხვი 5000-მდე დაიყვანა და მე დაუსრულებელი აღმავალი სვლით მათვლევინებს.
ბავშვი საეჭვოდ გაჩუმდა...


ყველაზე გემრიელი ალუბალი...

უსიამოვნო სუნმა თვალები გამახელინა. შემდეგ ყველაფერი ერთდროულად, ერთ წამში მოხდა.
- დეე, მოგივიდა ჩემი სუნი?
  ტყლუპ!  – მართალია ეს პირდაპირ ჩემი სულის გამოძახილი იყო ბავშვის თავზე, მაგრამ შემორტყმას ისეთი ყრუ ხმა ჰქონდა, მძღოლის ადგილას, მატარებელს გავაჩერებდი. ჩემმა ცოლმა ჭიხვინით დატოვა კუპე, შერცხვენილმა ქალმა უხერხულად გადმოგვხედა მე და “ფიდელიოს”, ბავშვმა კი ღრიალი მორთო და დედამისს გაბოროტებული მუშტები დაუშინა.
  “ფიდელიომ”,  ალბათ უხერხული სიტუაციის გასამუხტად, ტვინში პირველივე გაელვებული თემა ჩამოხსნა და ახლა ჩემთვის უხერხული გარემო შექმნა. ლაპარაკი რომ დაიწყო აღარ მქონდა უფლება მეც გავსულიყავი გარეთ და მოწამლულ ჰაერს ცხვირი შევაჩვიე.
- მიქელანჯელო, ხომ უდავოდ ბრწყინვალე ხელოვანი იყო ბატონო, ასევე ლეონარდო და ვინჩიც – ადამიანი უნივერსალური ტალანტით, მაგრამ გგონიათ გენიოსები მართლაც პარალელურად აზროვნებენ? გგონიათ ჭეშმარიტი ხელოვნებისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ერთია?
მე ამ დროს მხოლოდ ის მგონია, რომ მარსზე მივაბიჯებ. მარტო.
- და ვინჩი თითქმის არასდროს ასრულებდა თავის ნახატებს, დაიწყებდა და არ ასრულებდა, ამის გამო მიქელანჯელომ დასცინა უდიადეს გენიას და მის მერე მტრებად მოეკიდნენ ერთმანეთს, დიახ მტრებად!

...მარსზე არ ხარობს ნეტავ ალუბალი?

- იცით, რომ ამბობენ ხოლმე ჯანსაღი კრიტიკა სწორედ რომ მისწრებაა თვითგანვითარებისათვის და რომ სიხარულით უნდა მივიღოთ, ასე სულაც არ არის! სწორედ რომ პირიქით! სწორედ ჯანსაღი კრიტიკაა საწყენი, ვიღაცები არგუმენტირებულად გასწორებენ მიწასთან და ჯანსაღი კრიტიკის სიკეთის ღიმილს ამოფარებულები დაგცინიან! როდესაც ხვდები, რომ რაღაც არასწორად გაგიკეთებია, რაღაც შესაცვლელი გაქვს, უნდა აღიარო, რომ შეცდი. აბა თუ იცი, რომ ადამიანი მხოლოდ იმიტომ გაკრიტიკებს, რომ სხვა საქმე არ აქვს, არც შეწუხდები, ყურადღებას არ მიაქცევ!

ბოდიშს ვიხდი და მოსაწევად გავდივარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები