დიდი ხნის უნახავ მეგობარს, კოჩიას უნივერსიტეტის ბაღში უნდა შევხვედროდე. იგი მისაღებ გამოცდებზე გავიცანი, ჩემთან ერთად აბარებდა. მაშინ ქულები არ ეყო, მაგრამ მომავალ წელს მოეწყო სხვა ფაკულტეტზე და იშვიათად მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე რომ დავამთავრეთ და სოფელში წავიდა, კიდევ მოგვიწია რამდენჯერმე შეხვედრამ. ამ ბოლო დროს კი სულ გადაიკარგა სადღაც. თურმე საზღვარგარეთ ყოფილა და ახლა თბილისში ჩამოსულმა დამირეკა, შევხვდეთო. გამეხარდა მისი ხმის გაგონება, წავედი, მაგრამ ცოტა დამაგვიანდა. როცა მივედი, ვიღაც მოხდენილ, ლამაზ ქალს ემშვიდობებოდა, რომელსაც ანგელოზისდარი გოგონა ახლდა თან. ისინიც დაცილდნენ ერთმანეთს და მეც მივუახლოვდი დიდი ხნის უნახავ მეგობარს. გადავეხვიეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი და მასთან ახლახანს დამშვიდობებული ქალიც მიეფარა თვალს. - ვინაა, კოჩია, ეს მშვენიერი ქალი? - ვკითხე მე. - ჰე, მშვენიერიო, იცი სილამაზის დანახვა, - შემომცინა კოჩიამ, - მართლაც რომ მშვენიერია, თუმცა მაგის მშვენიერება ადრე უნდა გენახა შენ. - ახლა რა დაეწუნება, შე კაცო, ვინაა არ იტყვი? თუ საიდუმლოა, კი ბატონო... - რა მაქვს, ბიჭო, შენთან საიდუმლო, აქამდე რატომ არ მითქვამს მაგის ამბავი, ის მიკვირს. გეტყვი, გეტყვი კი არა, მოგიყვები, ჯერ ჩვენი სალაპარაკო მოვილიოთ, მერე კი მოგიყვები მაგაზეც. ცოტა ხანში მყუდრო ადგილას სუფრასთან ვისხედით და ვსაუბრობდით. მომიყვა კოჩია თავის ამბავს, უცხოეთში ყოფილა შვიდი წელი. ვეღარ გავძელიო, ცოტა ფული დავაგროვე და ჩამოვედი. ჩემს სოფელში პატარა მეურნეობის გამართვა და იქვე დამკვიდრება მინდაო. მოვუწონე ჩანაფიქრი. მერე ჩემი ამბებიც გამოიკითხა. თან ვსვამდით ცოტა-ცოტას. ბოლოს შევახსენე და დაიწყო იმ ლამაზი ქალის ამბავი. - მასწავლებელი იყო ეგ ჩემიო, - დაიწყო კოჩიამ, - მეათე კლასში ვიყავი, როცა ჩამოვიდა ჩვენ სოფელში, მთიან სამეგრელოში. იმ წელს დაუმთავრებია უნივერსიტეტი და შეთავაზებისთანავე უყოყმანოდ წამოსულა ჩვენთან. პირველად მისი კლასში შემოსვლისას, დავიბენით, ვერ დავიჯერეთ, რომ ეს ლამაზი, თითქმის ჩვენი ხნის ქალიშვილი გვასწავლიდა ამიერიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას. დირექტორმა გაგვაცნო, ორიოდე სიტყვა თქვა და გავიდა. დარჩა ჩვენთან ნანა მასწავლებელი მარტო. ერთხანს თითქოს დაბნეული იყო, მერე მორიდებით ალაპარაკდა, სია ამოიკითხა და გაკვეთლის ახსნა დაიწყო. ისეთი სიღრმით, განცდითა და სიყვარულით გვიხსნიდა ყველაფერს, ისე საინტერესოდ გვესაუბრებოდა ლიტერატურაზე, რომ ერთ თვეში უკვე ყველას შეგვიყვარდა. მის გაკვეთილებს არავინ აცდენდა, თვით ყველაზე ცელქი ბიჭებიც კი მორიდებით ისხდნენ და ყურადღებით უსმენდნენ. ისეთი მოკრძალება გაგვიჩნდა ამ ნაზი ქალიშვილის მიმართ, ვცდილობდით, მისი საგანი მაინც გვესწავლა კარგად. ჩვენ, მეათეკლასელები, განსაკუთრებით შევეჩვიეთ ნანას. მან სკოლაში ლიტერატურის მოყვარულთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის აქტიური წევრი მეც ვიყავი. გაკვეთილებისგან განსხვავებით, აქ უფრო თავისუფლად ვგრძნობდით თავს, იგი ისე გვესაუბრებოდა, როგორც მეგობრებს. თან ჩემს ახლოსაც ცხოვრობდა, თბილისში წასული ერთი თანასოფლელის სახლში, ასევე ჩამოსულ ორ მაწავლებელ ქალთან ერთად. ხშირად ვხედავდი საღამოობით ამწვანებულ ეზოში, ხან თანამდგმურებთან საუბრობდა, ხან კითხულობდა, ხანაც გარინდებული იჯდა და ფიქრობდა თუ ოცნებობდა. ისევ ოცნების წლები ედგა ამ ლამაზ ქალიშვილს. ცდილობდა, მეგრული ესწავლა და გვთხოვდა, ამაში დავხმარებოდით. ამასთანავე აგროვებდა ისტორიულ თუ ეთნოგრაფიულ მასალებს, ინტერესით ესაუბრებოდა ყველა გლეხსა თუ დიასახლისს, ჩვენთან ერთად ათვალიერებდა ისტორიულ ძეგლებს, არდადეგებზე კი ახალი წიგნები და ჟურნალები ჩამოჰქონდა თბილისიდან. ჰოდა, მთელ სოფელს შეაყვარა თავი. მეც გული მუდამ მისკენ მიმიწევდა, ის დღე უნაყოფო მეჩვენებოდა, თუ ვერ ვნახავდი. მისი გაკვეთილები და ლიტერატურის წრის სხდომები ხომ ზეიმი იყო ჩემთვის. მეჩვენებოდა, რომ იმაზე მეტად მიყვარდა იგი, ვიდრე მოსწავლეს მასწავლებელი, თუმცა ამას ჩემს თავსაც ვერ ვუმხელდი. მან ყურდღება მიაქცია ლიტერატურისადმი ჩემს ინტერესს და დამიმეგობრდა კიდეც, ზოგჯერ შინაც მივდიოდით მასთან, გვესაუბრებოდა ლიტერატურაზე და უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე. იმხანად ბევრი წიგნი გამომქონდა სოფლის ბიბლიოთეკიდან, მაგრამ იმდენს ვკითხულობდი, რომ ზოგჯერ არ მყოფნიდა. სკოლაშიდაც კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა, მაგრამ რად გინდა? ხან ერთ მასწავლებელს ებარა მისი გასაღები და ხან მეორეს, სინამდვილეში კი არავინ ცდებოდა მისთვის და ამიტომ ნახევარზე მეტად დაკეტილი იყო. რამდენჯერმე მივედი მის კართან, მაგრამ ხელცარიელი გამოვბრუნდი უკან (მერე ნანას ძალისხმევით მოგვარდა ეს საქმე - თვითონ შედიოდა სასკოლო ბიბლიოთეკაში გაკვეთილების შემდეგ და მსურველებს წიგნებს გვატანდა). ერთხელაც უკან უკმაკოფილოდ გამობრუნებული ჩემმა კლასელმა, ტარიელმა, ტარიას რომ ვეძახდით, შემნიშნა და მკითხა, რა მოხდაო? რა მოხდა და წიგნის გამოტანა მინდა, ეს კი სულ დაკეტილი აქვთ-მეთქი. რომელი წიგნი გინდაო, ტარიამ. რა ვიცი, რომელიმეს ავარჩევდი-მეთქი. თუ მეტყვი, რომელი წიგნი გინდა, მე გამოგიტან, თუ არა, რა გიყოო? მეც რაღაც წიგნი დავუსახელე და მეორე დღეს დამახვედრა კლასში. როგორ მოახერხე-მეთქი, ვკითხე. როგორო და, გამიყვანა სკოლის უკან ბაღში, შენობის იმ ნაწილთან, სადაც პირველ სართულზე ბიბლიოთეკა იყო, დამანახა ერთი ფანჯარა და მითხრა, ხომ იცი, აქვე ვცხოვრობ და მამაჩემია სკოლის ყარაული, საღამოს, როცა მობინდდება და ვხედავ, რომ მამაჩემი შინაა და არა აქ, გამოვდივარ ფრთხილად, ამოვიღებ ერთ მინას ფანჯრიდან, გადავალ, ავარჩევ წიგნებს და მიმაქვს. წაკითხვის მერე უკან ვაბრუნებ პატიოსნად და მე მგონი, არაფერს ვაშავებო. არა, ნამდვილად არ აშავებ-მეთქი, დავუდასტურე მე. ჰოდა, შენც თუ ასე მოიქცევი, რა გიჭირსო, მითხრა მან. კი მაგრამ, ხომ იცი, მე შორს ვცხოვრობ სკოლიდან, მოდი, ისევ შენ დამეხმარე-მეთქი, ვთხოვე. კარგიო, გაიცინა ტარიამ, მაგრამ თუ ჩემი მომსახურება არ მოგეწონოს როდესმე, შენ თვითონ მიხედე შენს თავსო. კარგი-მეთქი და ერთხელაც კლასგარეშე ლიტერატურა რომ შემომელია, მოღამებულზე სადღაც წასვლა მოვიმიზეზე და დავადექი გზას სკოლის ბიბლიოთეკისაკენ. უკნიდან, ბაღის მხრიდან მივადექი შენობას, მაგრამ შევნიშნე, რომ მეორე სართულზე, სწორედ ბიბლიოთეკის ზემოთ, შუქი ენთო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იქ, ხეს ამოვეფარე და ფანჯარას დავაკვირდი, რომ ვერავინ შევნიშნე, ალბათ ანთებული დარჩათ-მეთქი, დავასკვენი და ახლა ქვემო ფანჯარას მივუახლოვდი. სწრაფად ამოვიღე ტარიას მითითებული მინა და შიგნით გადავძვერი. გადავძვერი, მაგრამ სრული სიბნელე იყო, ვერაფერს ვხედავდი. ეს ადრევე მქონდა გათვალისწინებული, შუქის ძებნა და ანთება არ ივარგებდა, ნაგულვები ფარანი ამოვიღე, ფრთხილად ავანთე და... შიშისაგან გავშეშდი - ჩემს წინ სამიოდე ნაბიჯზე ადამიანის ჩონჩხი იდგა. საშინელი დასანახი იყო იმ სიბნელესა და მარტოობაში, მაგრამ ცნობა მოვიკრიბე და დავმშვიდდი - ეს ხომ ჩვეულებრივი ჩონჩხია, ანატომიის კაბინეტისათვის განკუთვნილი, ადრეც ხშირად მინახავს, ახლა რატომღაც აქ შემოუტანიათ-მეთქი. ფარნის შუქი ნელა მოვაცილე მას და მთელ ოთახს მოვავლე. ჩონჩხის გარდა, აქ იყო ორიოდე ძველი დაფა, სკამები, მაგიდები და რამდენიმე დიდი კარადა წიგნებით სავსე. კარადებს მივუახლოვდი და წიგნების თვალიერება დავიწყე. რამდენი კარგი წიგნია, ამათ კი აქ ჩაუკეტავთ და დარაჯად ეს უსახური არსება დაუყენებიათ, ვნახოთ, როგორ დაიცავს, ვფიქრობდი. სამი თუ ოთხი წიგნი ავარჩიე. არ მეთმობოდა წიგნებით სავსე კარადების დატოვება, მაგრამ ვიცოდი, დარაჯს რომ არ შეენიშნა ჩემი ფარნის შუქი, სიფრთხილე იყო საჭირო და ფანჯრისაკენ წამოვედი. ის იყო, გარეთ უნდა გადმოვსულიყავი, რომ მეორედ ვჭამე შიში - უცებ მაღლა ოთახიდან ლაპარაკის ხმა მომესმა. ნეტავ იქ ვინღაა, ტყუილად არ ყოფილა სინათლე, გავიფიქრე და ვიღაცის მძიმე ნაბიჯების ქვეშ ჭერიც აჭრიალდა. მერე კი მომესმა: „იცოდე, ნანა, კარი დაკეტილი მაქვს, აქედან ვერ გახვალ, სანამ ჩემი არ გახდები, ამ ღამით უკვე ვერავინ გიშველისო”, ჩვენი შრომის მასწავლებლის, სამსონის ხმა იყო. „საზიზღარო, რომ იცოდე, როგორ მეზიზღები! არ მომეკარო, თორემ საშინლად ინანებო”, ეს კი ნანა იყო, ჩვენი საფიცარი მასწავლებელი. აი, რა ამბავს გადავეყარე. გავვოცდი, რა განუზრახავს ამ აღვირახსნილს, ნანას როგორ უნდა გაუბედოს რამე? თან იმას ვფიქრობ, როგორ დარჩა ნანა ამ რეგვენთან ერთად?.. ალბათ, საკონტროლო წერის რვეულების სწორებისას შემორჩა აქ, ამან გაიგო და მოაკითხა-მეთქი, ვიფიქრე ბოლოს. მაშინვე დავაპირე მაღლა ასვლა, მაგრამ შევდექი. რა თქმა უნდა, სამსონას თავის უწმინდური სურვილის ასრულების ნებას არ მივცემდი, მაგრამ როგორ შევიდე? კარი დაკეტილი მაქვსო, მოძალადემ. გავქცეულიყავი და ვინმესთვის მეთქვა, არც ის მინდოდა, რომ ნანა მენახა სოფლის თვალწინ დამცირებული და დარცხვენილი. ვის უნდა შეებღალა ამ უმშვენიერესი ქალიშვილის სიწმინდე, რეგვენ სამსონას? ისიც ახალი მოსული იყო ჩვენს სკოლაში, თბილისიდან ჩამოიყვანეს, თითქოს ჩვენთან ვერ მოძებნიდნენ შრომის მასწავლებელს. მას მასწავლებლის არც განათლება ეტყობოდა და არც ინტერესი, არც არასდროს ემუშავა ამ პროფესიით. შრომის გაკვეთილზე სკოლის ნაკვეთში წაგვიყვანდა, თვითონ ჩრდილში წამოწვებოდა და ჩვენ გვიბრძანებდა, იმუშავეთო. უფრო ხშირად კლასში ვიყავით. იგი იჯდა და თვლემდა, ჩვენ კი ჩვენთვის ვერთობოდით. მალე მოსწავლეებმა მას უსაქმურობის მასწავლებელი შეარქვეს და ასე ვიხსენიებდით უმეტესად. მერე ეს სახელი მთელ სოფელს ესმოდა და მასწავლებლებმაც შეიტყვეს. ზევიდან ისევ მომესმა: „გაქცევაზე არ იფიქრო, აქედან ვერსად წამიხვალ, ხომ იცი? ამაღამ ჩემი უნდა იყო და ამის შესახებ არც არავისთან უნდა თქვა, შენთვისვე აჯობებს. აი, ახლა ამ სიგარეტს მოვწევ და მანამდე შეგიძლია იფიქროო”, ამბობდა მოძალადე, თუმცა ხმაზე ეტყობოდა, რომ ჩაფიქრებულის გამბედავი არ უნდა ყოფილიყო, უფრო ნანას დათანხმებას ცდილობდა. „კარი გააღე, არაკაცო, თორემ მწარედ ინანებ, არ გეგონოს, რომ შენი გავხდე”, შფოთავდა ნანა. რას ვაწამებინებ ამ გოგოს, ახლავე ავალ-მეთქი, წავიწიე წინ, მაგრამ ამ დროს ზედა ოთახის ფანჯარა გაიღო. ქვედა ფანჯრიდან მე გავყავი თავი და დავაკვირდი. ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს. მოიცა, ეს კარგია, ფანჯრიდან შემიძლია ოთახში მოვხვდე, გავიფიქრე მე. იქვე ქლიავის ხე იყო, საიდანაც მაღლა ასვლა შეიძლებოდა. უნდა ავიდე, სხვა რა ვქნა, მაგრამ ამიშვებს? უცებ გონება გამინათდა - ჩონჩხი... ჩონჩხით რომ შევაშინო, რომ ფანჯარას მაინც მოსცილდეს! დრო არ ითმენს, სანამ სიგარეტს მოწევს, მანამდე უნდა მოვასწრო, ვფიქრობდი. წიგნები ვიღას ახსოვდა? ჩონჩხთან მივედი, შემეზიზღა ეს ჩამოსხმული ფიტული, მაგრამ რა დროს ზიზღი იყო? ის უკანა მხრით ვიწრო ფიცარზე იყო დამაგრებული. ფრთხილად ავიღე და ფანჯრისკენ წავედი. ბოროტი ადამიანები მხდალები არიანო, გამეგონა. ამით თუ რამე არ გამოვიდოდა, ნანას გასაჭირში მაინც არ მივატოვებდი, სიცოცხლის ფასადაც რომ დამჯდომოდა. ჩონჩხი ფრთხილად გადმოვაძვრინე ფანჯარაში. გარეთ ნისლიანი ღამე იყო, ოდნავ ნიავიც უბერავდა. მეორე სართულის ფანჯრიდან გამოსული შუქი ჩემგან შორს ეცემოდა, რომელზედაც მოძალადის საძაგელი ჩრდილი ილანდებოდა. იგი ფანჯარასთან ზურგით იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ნანა მისგან მარცხნივ, კუთხეში უნდა ყოფილიყო. ჩონჩხი კედელთან მიბჯენილ ქლიავზე ნელა ავიტანე და სწორედ სამსონას ზურგს უკან აღმოვჩნდი. რამდენი ოფლი დავღვარე სიფრთხილისაგან, რომ უხმაუროდ ავსულიყავი და ტოტები არ შემერხია. ასე სწორედ ამ ტოტებს ამოვეფარე და ჩონჩხი წინ გავიშვირე. აქ უკვე ნანას ქვითინიც გავიგონე. სიბრაზისაგან კბილი კბილს დავაჭირე და ჩონჩხი შევარხიე. მისი ხელები აქანავდნენ და სამსონას წელს შეეხნენ. იგი შემკრთალი მობრუნდა უკან და... საშინელი, ცხოველური ღმუილი აღმოხდა, მერე ვაიო, დაიძახა და გაიქცა, დაკეტილ კარს გამეტებით დაეჯაჯგურა, გამოგლიჯა და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა. ჩონჩხი უცებ გამოვწიე უკან, რომ ნანაც არ შემეშინებინა, დაბლა ჩავაგდე, ფანჯარასთან მივიწიე და შევძახე, ნანა, არ შეგეშინდეს-მეთქი. მერე ავიწიე და შიგნით გადავხტი. ნანა გაოცებული იყო, ვერ გაეგო, რა მოხდა, ჩემსკენ წამოვიდა მტირალი. შენა ხარ კოჩიაო? მომაძახა, გამოქანდა და გულში ჩამეკრა. შენ გადამარჩინე, ჩემო კოჩია, მეუბნებოდა იგი, გულამომჯდარს ცრემლები ჩამოდიოდა და მკერდს მისველებდა. კარგი, ტირილის დრო არა არის-მეთქი, დავამშვიდე როგორც იქნა, მერე გარეთ გამოვიხედე, ის კაცი სულ გაიქცა, თუ იქვე იმალებოდა, ხომ უნდა შემემოწმებინა? არავინ ჩანდა. ნანას ხელი მოვხვიე, დაბლა ჩამოვიყვანე და უკან ბაღში გავიყვანე. აქ რა გვინდა, კოჩიაო? მეკითხებოდა. აქ მოიცადე და მერე ყველაფერს აგიხსნი-მეთქი. ფანჯარასთან მივირბინე, ჩონჩხი შიგნით შევდე, შუშა ჩავსვი, წიგნებიც გამოვიყოლე და ისევ ნანასთან გავჩნდი. მერე წამოვედით, სახლამდე მივაცილე, თან გზაში მოუყევი, როგორ მოვხვდი იქ. ის კი მეუბნებოდა, ჩემთვის მოგიყვანა იქ ღმერთმა, შენ რომ არა, ვინ იცის, რა მოხდებოდა? მაგიდის უჯრაში დანა იყო, გადავწყვიტე, თუ ჩემსკენ წამოვიდოდა ის ველური, დამერტყა. მაგრამ შეიძლება წაერთმია და მეც გავემეტებინე. არ ვიცი, რა მოხდებოდაო. მეორე დღეს უსაქმურობის მასწავლებელი სკოლაში აღარ გამოჩენილა, გათენებამდე გაპარულა სოფლიდან. მე და ნანას კი არსად გვითქვამს იმღამინდელი ამბავი, რატომ უნდა გაგვემჟღავნებინა, ვინ იცის, ხალხი რა კუდს გამოაბამდა?.. - მაგარი ბიჭი ყოფილხარ, ჩემო ძმაო შენ, მხარზე ხელს ვუთათუნებდი კოჩიას, მერე როგორ წავიდა თქვენი საქმე? - ჰო, მერეც იყო რაღაც, - ჩაიცინა კოჩიამ. - გააგრძელე მაშინ. - გავაგრძელებ. მე და ნანა ძალიან დავმეგობრდით. ავიყოლიებდით სხვებსაც და დავდიოდით მთებში, ტყეებში, მდინარეზე სათევზაოდ, ექსკურსიებზე... რა ვიცი, რომელი ერთი გითხრა? იმ ღამეს მომხდარი ამბის შემდეგ, ინიციატივას მას ვუთმობდი ყველაფერში, არ მინდოდა, ვალდებულად ეგრძნო თავი ჩემს წინაშე. მის ირგვლივ მთელი ჩვენი კლასი და სკოლაც უფრო დავმეგობრდით, შევიკარით და შევეთვისეთ ერთმანეთს. არა, უფროსად აღარ ვთვლიდით, იმდენად გავუშინაურდით, რომ ვაწვალებდით კიდეც. ერთხელ მთის მდინარეში სათევზაოდ ვიყავით, ბიჭებს ნანა და რამდენიმე ჩვენი კლასელი გოგოც გამოგვყვა, სანამ ვითევზავებდით, ბიჭები მორევში ჩავხტით გასაგრილებლად. გოგოებიც მზად იყვნენ საცურაოდ, მაგრამ წყალი ცივი მოეჩვენათ და არ ჩამოგვყვნენ. ჩვენ ძალით ჩავყარეთ წყალში ნანაც და თანაკლასელი გოგონებიც, მერე მზიან ფერდობზე დავტოვეთ ისინი და თევზაობა დავიწყეთ. როცა ტანსაცმელი გააშრეს და მოგვიახლოვდნენ, ჩვენ საკმაო თევზიც დაჭერილი გვქონდა და სამწვადე ჯოხებზე ვწვავდით იქვე დანთებულ კოცონზე. თითქოს გაბუტულები იყვნენ, მაგრამ ახლადშემწვარი კალმახების დანახვაზე შეგვირიგდნენ, სუფრის გაშლაშიც მოგვეხმარნენ და ძალიანაც ვიმხიარულეთ. თუმცა მე და მას მაინც სხვა დამოკიდებულება გვქონდა. მასთან დაკავშირებული ყველაფერი მხიბლავდა. აი, თუნდაც ტყეში ამოსული პაწაწინა ყვავილი ავიღოთ. რა მნიშნელოვანი იყო იგი, თუ ნანასთვის მიწიანად ამოვიღებდი, ძირს ხავსის ბუდეში შევუხვევდი ლამაზად, მერე მასთან მისული ისეთ ადგილზე დავდებდი, რომ მხოლოდ ჩემი წამოსვლის შემდეგ ენახა. მეორე დღეს აღტაცებული მიხდიდა მადლობას, მის ეზოში კი მრავლად ხარობდნენ ასე მიტანილი ტყის იშვიათი ყვავილები. ერთხელ რომელიღაც მთაზე ავედით მარტო, უფრო სწორად მე ავიყვანე. ძალიან გვიხაროდა. იქიდან რომ ჩამომყავდა, ფეხი აუცდა, მე დავიჭირე და უნებურად ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ცოტა ხანს ვიყავით ასე, მერე ნანა მომცილდა, ხელი მომხვია, მაკოცა და მითხრა, კოჩია, ვიცი, რომ გიყვარვარ. მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არცერთმა არ ვიცით, დრო როგორ შეცვლის ჩვენს გრძნობებს. ჩვენ ყოველთვის მაინც მასწავლებლად და მოსწავლედ დავრჩებით ერთმანეთისთვის, ამიტომ ამ სიახლოვეს გარკვეული ზღვარი სჭირდება, რადგან მომავალშიც ახლო მეგობრებად უნდა დავრჩეთო. ბოდიში, ხომ არაფერი დავაშავე-მეთქი? ვიკითხე. არა, რას ამბობ, ჩემო კოჩია, შენისთანა ვაჟკაცები არაფერს აშავებენო. არ ვიცი, რას შევადარო ის ერთი წელი, რაც ნანა მოვიდა ჩვენს სოფელში და მე სკოლის დამამთავრებელ კლასში ვიყავი? როცა წარსულს გადავხედავ, ის ერთი წელი უფრო ნათლად, შთამბეჭდავად და ბედნიერად მაგონდება, ვიდრე მთელი ბავშვობა. ის შემოდგომა უფრო ფერადი, ზამთარი უფრო იდუმალი, გაზფხული კი უფრო კეკლუცი მეჩვენება. ამას იქნებ იმანაც შეუწყო ხელი, რომ იმ წელს ბევრს ვკითხულობდი და აღქმის უნარი გამიმახვილდა, მაგრამ სხვაც იყო, რამაც ის წელი ასე გამორჩეულად დაამშვენა - სიყვარულის ჯერ კიდევ შეუცნობელი ჩანასახი, რომელიც ლამაზ კვალად დააჩნდა ჩემს ცხოვრებას... ჰო, მერე დავამთავრე სკოლა და ქალაქისკენ წამოვედი. ნანა კიდევ სამ წელს დარჩა ჩვენს სოფელში, მერე თბილისიდან კარგმა ვაჟკაცმა ჩამოაკითხა და დაქორწინდნენ. მშვენიერი შვილები ჰყავთ, უნივერსიტეტსაც დაუბრუნდა და ახლა პროფესორი ქალია უკვე. მეც ოჯახი მაქვს, როგორც იცი, ჩვენი მეგობრობა კი გრძელდება, ხანდახან მოვიკითხავთ ერთმანეთს, ვსტუმრობთ კიდევაც. რა ვიცი, ესაა სულ, მგონი არც ღირდა მოსაყოლად. - ღირდა, კოჩია, როგორ არ ღირდა? კარგი ადამიანი ხარ და წარსულიც ლამაზი გქონია-მეთქი. კარგა ხანს ვისაუბრეთ კიდევ, მერე ახალი შეხვედრის დრო დავთქვით და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მოვდიოდი კოჩიას ლამაზი თავგადასავლით მოხიბლული და ვფიქრობდი: სიცოცხლე წარმავალია, მაგრამ ხომ შეიძლება, ან ამ ბუნებაში, ან ამ ცაზე, ან ამ უსასრულო სამყაროში იყოს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების თუნდაც ყველაზე ბედნიერი, ლამაზი და ამაღლებული წუთები ინახებოდეს მარადისობისათვის?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. რამდენი ხანია ამოკოპირებული მაქვს და ვიდრე ინტერნეტი არ გათიშეს, მანამდე ვერ წავიკითხე. ძალიან სასიამოვნო ამბავია სასიამოვნოდ მოთხრობილი. :)) "სიცოცხლე წარმავალია, მაგრამ ხომ შეიძლება, ან ამ ბუნებაში, ან ამ ცაზე, ან ამ უსასრულო სამყაროში იყოს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების თუნდაც ყველაზე ბედნიერი, ლამაზი და ამაღლებული წუთები ინახებოდეს მარადისობისათვის?.." კარგი ფინალია. მეც მიფიქრია ამაზე. :)
მომეწონა. ჩემი შვილი ფსიქოლოგია და სკოლაში მუსაობდა. აქვე სწავლობდა ჩემი მეგობრის შვილი მერვე კლასში და მახსოვს, მთელი სკოლა იცინოდა, როცა ამ მოუსვენარსა და თითქმის თავხედ ბიჭს ენა ჩაუვარდებოდახოლმე ნათიას დანახვაზე და მონუსხულივით იჯდა გაკვეთილზე. :))) ეს ყველაზე ნამდვილი სიყვარულია, ჩემი აზრით. :))
პატივისცემით: ტენდი
რამდენი ხანია ამოკოპირებული მაქვს და ვიდრე ინტერნეტი არ გათიშეს, მანამდე ვერ წავიკითხე. ძალიან სასიამოვნო ამბავია სასიამოვნოდ მოთხრობილი. :)) "სიცოცხლე წარმავალია, მაგრამ ხომ შეიძლება, ან ამ ბუნებაში, ან ამ ცაზე, ან ამ უსასრულო სამყაროში იყოს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების თუნდაც ყველაზე ბედნიერი, ლამაზი და ამაღლებული წუთები ინახებოდეს მარადისობისათვის?.." კარგი ფინალია. მეც მიფიქრია ამაზე. :)
მომეწონა. ჩემი შვილი ფსიქოლოგია და სკოლაში მუსაობდა. აქვე სწავლობდა ჩემი მეგობრის შვილი მერვე კლასში და მახსოვს, მთელი სკოლა იცინოდა, როცა ამ მოუსვენარსა და თითქმის თავხედ ბიჭს ენა ჩაუვარდებოდახოლმე ნათიას დანახვაზე და მონუსხულივით იჯდა გაკვეთილზე. :))) ეს ყველაზე ნამდვილი სიყვარულია, ჩემი აზრით. :))
პატივისცემით: ტენდი
14. დიდი მადლობა, მე-კალ-მე, გაიხარე. :) მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და შეაფასა. არმენ, უკმარისობის გრძნობა მეცა მაქვს. კუნკურსზე გაგზავნის დრო იწურებოდა, ბოლო დღეს დავწერე და გავაგზავნე. ამიტომ რაღაც დააკლდა. შეიძლება მართლა ღირდეს მიბრუნება და განვრცობა. ვნახოთ, რა ვიცი... დიდი მადლობა, მე-კალ-მე, გაიხარე. :) მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და შეაფასა. არმენ, უკმარისობის გრძნობა მეცა მაქვს. კუნკურსზე გაგზავნის დრო იწურებოდა, ბოლო დღეს დავწერე და გავაგზავნე. ამიტომ რაღაც დააკლდა. შეიძლება მართლა ღირდეს მიბრუნება და განვრცობა. ვნახოთ, რა ვიცი...
13. ბატონო გივი, გულახდილად გეტყვით, რაღაც მსგავსს ველოდი... თუმცა აქ მოლოდინზე მეტი დამხვდა... მესიამოვნა...
ბატონო გივი, გულახდილად გეტყვით, რაღაც მსგავსს ველოდი... თუმცა აქ მოლოდინზე მეტი დამხვდა... მესიამოვნა...
12. იცით რისი გრძნობა გამიჩნდა კითხვისას?-უკმარისობის. ეს ის უკმარისობა არაა, ცუდი ნაწერისგან რომ დაგრჩება, ეს გაგრძელების და უფრო განვრცობის უკმარისობაა, ალბათ უფრო დეტალურისაც. ძალიან ლამაზი ისტორიაა და გული დამწყდა, ასე უცებ რომ წავიკითხე და დავამთავრე. გარკვეულწილად ბ-ნ ჰარირამასაც ვეთანხმები, ალბათ უფრო ჩაჯდომა არ აწყენდა ნაწერს, რაღაც დეტალების დახვეწა-გაუმჯობესება, მაგრამ ახლა ვინმემ რომ მკითხოს კონკრეტულად რომელი დეტალებისო, გამიჭირდება დასახელება. 5 იცით რისი გრძნობა გამიჩნდა კითხვისას?-უკმარისობის. ეს ის უკმარისობა არაა, ცუდი ნაწერისგან რომ დაგრჩება, ეს გაგრძელების და უფრო განვრცობის უკმარისობაა, ალბათ უფრო დეტალურისაც. ძალიან ლამაზი ისტორიაა და გული დამწყდა, ასე უცებ რომ წავიკითხე და დავამთავრე. გარკვეულწილად ბ-ნ ჰარირამასაც ვეთანხმები, ალბათ უფრო ჩაჯდომა არ აწყენდა ნაწერს, რაღაც დეტალების დახვეწა-გაუმჯობესება, მაგრამ ახლა ვინმემ რომ მკითხოს კონკრეტულად რომელი დეტალებისო, გამიჭირდება დასახელება. 5
11. ლამაზი და სუფთა ურთიერთობის ისტორია! ძვირფასი მოგონებებში შემონახული სინათლე!... ლამაზი და სუფთა ურთიერთობის ისტორია! ძვირფასი მოგონებებში შემონახული სინათლე!...
10. იცი ჩემი აზრი:) მშვენიერი ამბავი, მშვენივრად მოთხრობილი.:) იცი ჩემი აზრი:) მშვენიერი ამბავი, მშვენივრად მოთხრობილი.:)
9. საუკეთესო ადამიანური ,შინაგანი სამყაროს განცდა გაქვთ მოთხრობილი დამამშვიდებელი ,კეთილი განწყობით, რაც იშვიათად ხდება რეალურ ცხოვრებაში,, სიმშვიდისკენ და სიკეტისკენ არის მოწოდებული ეს ნაწარმოები, თუმცა გულახდოლად გეტყვიტ თქვენ უფრო უკეთესი ნაწარმოებები გაქვთ ეს პირველ გატაცებას გავს ვიდრე პირველ სიყვარულს, მე ასე მომეჩვენა. საუკეთესო ადამიანური ,შინაგანი სამყაროს განცდა გაქვთ მოთხრობილი დამამშვიდებელი ,კეთილი განწყობით, რაც იშვიათად ხდება რეალურ ცხოვრებაში,, სიმშვიდისკენ და სიკეტისკენ არის მოწოდებული ეს ნაწარმოები, თუმცა გულახდოლად გეტყვიტ თქვენ უფრო უკეთესი ნაწარმოებები გაქვთ ეს პირველ გატაცებას გავს ვიდრე პირველ სიყვარულს, მე ასე მომეჩვენა.
8. დიდი მადლობა ყველას. :) მე-კალ-მე, გმადლობთ, მეც შევნიშნე, რომ ეძებდი. საინტერესოა, რამდენად გავამართლე შენი მოლოდინი? დიდი მადლობა ყველას. :) მე-კალ-მე, გმადლობთ, მეც შევნიშნე, რომ ეძებდი. საინტერესოა, რამდენად გავამართლე შენი მოლოდინი?
7. როცა მივედი, ვიღაც მოხდნილ, ლამაზ ქალს ემშვიდობებოდა - მოხდენილ.
"სიცოცხლე წარმავალია, მაგრამ ხომ შეიძლება, ან ამ ბუნებაში, ან ამ ცაზე, ან ამ უსასრულო სამყაროში იყოს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების თუნდაც ყველაზე ბედნიერი, ლამაზი და ამაღლებული წუთები ინახებოდეს მარადისობისათვის?.." - მართლაც...
ლამაზია! +5 როცა მივედი, ვიღაც მოხდნილ, ლამაზ ქალს ემშვიდობებოდა - მოხდენილ.
"სიცოცხლე წარმავალია, მაგრამ ხომ შეიძლება, ან ამ ბუნებაში, ან ამ ცაზე, ან ამ უსასრულო სამყაროში იყოს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების თუნდაც ყველაზე ბედნიერი, ლამაზი და ამაღლებული წუთები ინახებოდეს მარადისობისათვის?.." - მართლაც...
ლამაზია! +5
6. აიიიიიიიიიიი! ვიპოვე! "ლიტბუნიობის" მერე ვკითხულობ სად არის "კოჩიას პირველი სიყვარული"-თქო? ავტორი არ მახსოვდა... უბრალოდ სათაური დამამახსოვრდა და ძალიან მინდოდა წამეკითხა :) აბა წავიკითხოოოთ :) აიიიიიიიიიიი! ვიპოვე! "ლიტბუნიობის" მერე ვკითხულობ სად არის "კოჩიას პირველი სიყვარული"-თქო? ავტორი არ მახსოვდა... უბრალოდ სათაური დამამახსოვრდა და ძალიან მინდოდა წამეკითხა :) აბა წავიკითხოოოთ :)
5. ლამაზად შენახული მშვენიერი წუთები, ჩვენთვისაც და მარადისობისთვისაც. ძვირფასი და სანატრელი ქალისთვის ყვავილის მირთმევის რა ორიგინალური და სასიამოვნო ფორმაა:) ლამაზად შენახული მშვენიერი წუთები, ჩვენთვისაც და მარადისობისთვისაც. ძვირფასი და სანატრელი ქალისთვის ყვავილის მირთმევის რა ორიგინალური და სასიამოვნო ფორმაა:)
4. სიყვარულით მოგიკითხეთ ბატონო გივი, მოსაყოლადაც ღირდა და წასაკითხადაც ეს ამბავი... :) მადლობა ლიტბუნობასაც, - კაი ამბებს მაკითხებს სიყვარულით მოგიკითხეთ ბატონო გივი, მოსაყოლადაც ღირდა და წასაკითხადაც ეს ამბავი... :) მადლობა ლიტბუნობასაც, - კაი ამბებს მაკითხებს
3. რა ფაქიზი ურთიერთობაა?...უბრალო და ფაქიზი...მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გვამახსოვრდება ისეთი... არც სიყვარული ქვია...მეგობრობაზეც ცოტა მეტია თითქოს... მომწონს ეს ავტორი...თავისი მშვიდი ამბებით... ჩვეულებრივ და ნათელ ადამიანებზე...:)
რა ფაქიზი ურთიერთობაა?...უბრალო და ფაქიზი...მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გვამახსოვრდება ისეთი... არც სიყვარული ქვია...მეგობრობაზეც ცოტა მეტია თითქოს... მომწონს ეს ავტორი...თავისი მშვიდი ამბებით... ჩვეულებრივ და ნათელ ადამიანებზე...:)
2. მომეწონა, კარგად იკითხება. მომეწონა, კარგად იკითხება.
1. კარგი ამბავია მოტხრობილი ,მაგრამ მეჩვენება რომ ნაუცბათევად არის დაწერილი. :) წარმატებები . კარგი ამბავია მოტხრობილი ,მაგრამ მეჩვენება რომ ნაუცბათევად არის დაწერილი. :) წარმატებები .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|