| ავტორი: იანუსი ჟანრი: პროზა 6 ოქტომბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზღვაზე წავედი. ზაფხული იყო, ცხელოდა კიდეც და, საერთოდაც, სანამ ზღვაზე წასვლას გადავწყვეტდი, ჩემი ერთ-ერთ საყვარელი სიმღერის ფონზე (Gorrilaz – Clint Eastwood) დიდხანსდა გულმოდგინედ წარმოვიდგენდი ზღვიდან ამოსვლისას წყლისფრად აელვარებული ჩემი გარუჯული,დამატყვევებლად სექსუალური სხეულისაგან მონუსხული სანაპიროელი ნაშობის გაოგნებულ სახეებს. ასეა. მაშინ ძალიან ბევრს ვოცნებობდი. სინამდვილეში ერთი ორსული (ტყუპებსაც რომ ჩაიტევს იმხელა მუცელი მაქვს) კაცი ვარ, ვერც სხეულით დავიკვეხნი და ვერც სახით, შესაბამისად, ზღვიდან ამოსვლისას მხოლოდ ჩემი ასთმური ქოშინითა და უხვხორციანობით თუ გავაოგნებ ვინმეს. მაგრამ ოცნება მაინც მიმზიდველად მეჩვენა და ზღვისკენ დავიძარი. ცურვა ვიცი, მოქნილიც კი მეთქმის და გაოფლიანებული დიდი ხნის უნახავი მეგობარივით ვეკვეთე ზღვას, რომელმაც მოკრძალებული ტალღები შემომაგება. როცა მოვგრილდი და მარილიანი წყლისაგან აწითლებულ თვალშიც, როგორც იქნა, ნორმალურად გამოვიხედე (და, რა თქმა უნდა,შარდის ბუშტიც წარმატებულად დავცალე), არწივისებური მზერით შემოგარენი მოვზვერე. ორად-ორი მონაშო ელემენტი მონდომებითა და მთელი არსებით ირუჯებოდა, სხვები შეუხედავები, მოხუცები, ბავშვები ან ჩემსავით ღიპმინაბული კაცები იყვნენ. ზურგზე გავწექი და ის იყო, მარილიან ზღვაში ატივტივებული ნეტარების ზღვაშიუნდა ჩავძირულიყავი, უცებ პატარა ბავშვის ჭიჭყინი სილასავით გამეწნა და გამომაფხიზლა.გაბრაზებულმა გავხედე: უხვძუძუებიან (სავარაუდოდ) დედას ეწუწუნებოდა რაღაცას და, პრინციპში,რაღა „რაღაცას“ - ტირილით შესჩიოდა, კამერა ტალღებმა გამომტაცეს, ეგერ მინარნარებსო (ხელით ცისფერი, იაფფასიანი კამერისკენ ანიშნებდა, რომელიც კარგა მანძილზე გაშორებოდადა კიდევ უფრო დიდი სიღრმეებისკენ მიიწევდა. და უცებ თავში გენიალურმა ალეგორიამ გამიელ-ჭექა:აი, ასეა, ადამიანის გონებაც სულ უფრო შორს მიიწევს შეუცნობლისკენ, სანამ მასზე კონტროლს არ დავკარგავთ და ამ შეუცნობლის უძირო ზღვა თავისი ტალღებით უჰორიზონტო სივრცეში უკვალოდარ ჩანთქავს-მეთქი. აჰ, რაის ჟურნალისტობა, ნეტა იცოდეს ჩემმა სამშობლომ რა ფილოსოფოსი დამკარგა. ვაგლახ). ჰოდა, მოულოდნელად, რაინდული სულისკვეთება ჩემში განგაშის სიგნალივით ჩაირთო (რაც ნაწილობრივ ალბათ იმითაც იყო განპირობებული, რომ იმ ორი მონაშოელემენტიდან ერთ-ერთმა თავი ინტერესით წამოწია და საქმის არსში გასარკვევად, მეტისმეტი მონდომებისგან წარბებიც შეჭმუხნა, ხოლო მე, მართალია, ღიპიანი, მაგრამ მაინც მამაკაცი ვარ, ეს ცნება კი საკუთარ თავში ყოველთვის გულისხმობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოხიბვლისაკენ სულელურ სწრაფვას), უხვძუძუებიანი დედა ლაკონიურად ვანუგეშე („მე დავაბრუნებ, ქალბატონო!“) და აღარც დამიყოვნებია, ზვიგენის შეუპოვრობით გავკვეთე წყალი. დიდი მოცურავე მე არ მეთქმის, უბრალოდ წყალში არ ვიძირები (რამაც ჩემს მეგობრებში უწმაწურ ხუმრობას დაუდო სათავე, იმასთან დაკავშირებით, რომ ფეკალია არასოდეს იძირება. ახვრები) და თუ ბევრი ვიფართხალე, ა-დან ბე პუნქტამდეც მივატან (იმ პირობით რომ ეს პუნქტები შორს არაა ერთმანეთისგან). მაგრამ მაშინ არ ვიცი რა ძალამ შემასხა ფრთები და დამიბერა იალქნები, ფაქტია, ჩემთვის უპრეცედენტო სისწრაფით გავცურე,გამიხარდასავით. სამიზნე უფროდაუფრო ახლოვდებოდა, საცაა ხელსაც ჩავავლებდი, მერე სვენებ-სვენებით დავბრუნდებოდი უკან, ძლევამოსილი ადმირალივით გავიდოდი ნაპირზე, ამ დროს კი ჩემი სველისხეული დამატყვევებელი სექსუალურობის უნარს შეიძენდა (რა მნიშვნელობა აქვს, როგორ),ბავშვის გასაჭირით შეწუხებული ის ქალთევზა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს საგმირო საქმეს თვალს ჩუმი აღტაცებით ადევნებდა, ყრუდ ამოიკვნესებდა და ქვედა ტუჩს ვნებიანად მოიკვნეტდა (მე კაზანოვას საფირმო, მომნუსხველი ღიმილით მოვუთვალიერებდი მოშიშვლებულ მკერდსა და ფეხებს). გახარებული ბავშვი მადლს შემომწირავდა და მოწიწებით ჩამომართმევდა კამერას (თან გაიფიქრებდა - როცა გავიზრდები, ეს კაცი უნდა გამოვიდეო),ხოლო არანაკლებ გახარებული, გინდაც მოხიბლული უხვძუძუებიანი დედა მადლობის გადახდის მომიზეზებით ჟინს ჩემთან ჩახუტებით დაიკმაყოფილებდა („თქვენ ჩემს შვილს კამერა დაუბრუნეთ!“)და მეც, ჩემს ფართო მკერდზე სასიამოვნოდ შევიგრძნობდი მის თბილ, დანამულ ძუძუებს. მერე მსუბუქად დავუძვრებოდი ხელიდან („რა სალაპარაკოა, ქალბატონო!“) და გათანგული, ვითომ შემთხვევით, სწორედ იმ ჩემით მოხიბლული სირინოზის გვერდით წამოვგორდებოდი, თვალდახუჭული მივენდობოდი მზის მხურვალებას, მანამ, სანამ ცდუნებისაგან გაწამებული, ვნებააშლილი მდედრი თავად არ გამომელაპარაკებოდა, დაახლოებით ასე: -რა კარგად ცურავ! -ჰო, ცურვა ჩემი ჰობია. შენც გიყვარს? -მიყვარს, მაგრამ არ ვიცი... (დემონსტრაციულად შეჩქვიფებული სახე) -აჰ, ეგ დაუშვებელია, შენი სხეულის პატრონმა აუცილებლად უნდა იცოდეს ცურვა! (დემონსტრაციულად აღშფოთებული სახე) -ჰო, მაგრამ არავინ მასწავლა და რა ვქნა... (დემონსტრაციულად დაღონებული სახე) -გინდა, გასწავლო? (დემონსტრაციულად „კეთილი სამარიტელი“ სახე) -რატომაც არა! (დემონსტრაციულად „თუ გინდა, ახლავე და აქვე დაგნებდები“ სახე) არც ისაა ძნელი წარმოსადგენი, ამას რა მოჰყვება: მადისაღმძვრელი სირინოზი ჩემს ხელის გულებზე თავისი გარუჯული, ნავარჯიშევი მუცლით ფართხალებს და კისკისით ცდილობს, გაცუროს, მაგრამ არაფერი გამოსდის, იმიტომ რომ სინამდვილეში არაფერსაც არ ცდილობს, იმის გარდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ჩემთან პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი (აი, ეს კი ნამდვილად გამოსდის). დავუბრუნდეთ რეალობას, ანუ იმ განზომილებას, რომელშიც აქოშინებული მივაპობ ტალღებს. ამ განზომილებაში მალე აღმოვაჩინე, რომ ჩემი დევგმირული შემართება თანდათან მცირდებოდა, იმიტომ რომ ეს შემართება იმ მწირი ენერგიის პირდაპირპროპორციული იყო, მკლავის ყოველი მოქნევისას რომ იკლებდა, ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, ერთიც გაქრა და მეორეც. დაღლილობამ შემაწუხა და ვიგრძენი რომ გული ამოვარდნაზე მქონდა, მაგრამ ეგ არაფერი,მივწვდები იმ წყეულ კამერას და მერე სვენებ-სვენებით გამოვცურავ უკან-მეთქი, გავიფიქრე. ეს კი გავიფიქრე, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ფიქრი და აზროვნება არასოდეს ყოფილაჩემი სტიქია (წყლისა არ იყოს). ასეა თუ ისე, იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ იაფფასიან კამერას ერთი დემონური თვისება აქვს - როცა ის-ისაა უნდა მიუახლოვდე და ხელი ჩაავლო, შენი სხეულისაგან აყრილ მინი-ტალღებს ბიძგებად იყენებს რათა უკუიქცეს და პირში ზღვისწყალგამოვლებულს გტოვებს. სწორედ ეს თვისება აღმოაჩნდა იმ წყეული ბავშვის წყეულ კამერასაც - რამდენჯერაც ხელი წავატანე, უკუიქცა (და ჩემს თავში კიდევ ერთმა ბრწყინვალე ალეგორიამ გაიელ-ჭექა: აი, ასე ესწრაფვის ადამიანი, მოიხელთოს პასუხები მის გარშემო არსებულ უმთავრეს კითხვებზე, წელებზე ფეხს იდგამს, ქოშინით უახლოვდება და სწორედ მაშინ, როცა ჰგონია, მოვიხელთეო, აღმოჩნდება, რომ ეს პასუხი კვლავინდებურად დანარნარებს შეუცნობლის ზღვაში! ვინ იფიქრებდა,თურმე ის ადამიანი ვყოფილვარ, რომელსაც ძალუძს, კუნთებიცა და გონებაც ერთდროულად, დიდი დატვირთვით ამუშაოს. ამ ტალღებს თუ გადავურჩი, წითელ წიგნში ვარ შესატანი-მეთქი, დავასკვენი). მერვე თუ მეცხრე უნაყოფო მცდელობის შემდეგ ისე გავსავათდი, ხელის ჩასაქნევადაც არ მეყო ძალა და სასოწარკვეთილი მკვდარი თევზივით ამოვტრიალდი,ზურგზე გავწექი. ცა ლურჯი იყო, მოწმენდილი, ჩემს გულს კი ისეთი დაგა-დუგი გაჰქონდა,გულივე გადამიქანდა - აი, ახლა ჩავძაღლდები-მეთქი, გავიფიქრე, ძლივ-ძლივივობით წამოვაღერე თავი და ნაპირს გავხედე, რომელსაც იმხელა მანძილზე დავშორებოდი, მე კი არა, ჩემ ადგილას გამოუსწორებელი ოპტიმისტიც უნუგეშოდ ჩაიქნევდა სიცოცხლეზე ხელს! ესეც ასე. იმედია, რომელიმე გაზეთში ერთ სვეტს მაინცდამითმობენ - „ნიჭიერი ჟურნალისტი ბავშვის სამლარიანი კამერის დაბრუნებას შეეწირა“. ან იმას მაინც ხომ იტყვის ვინმე, რა გული ჰქონია, ბავშვის გასახარებლად საკუთარი თავი გასწირაო. აჰ, მე ამ ბავშვის უხვძუძუებიანი დედა მოვტყან! რა აჭყივლებდა?! ერთი იაფფასიანი კამერა... ამას ვეწირები! ნეტა ზღვაში მაინც არ ჩამტოვებდნენ დიდხანს და გახრწნამდე. ბაგა-ბუგი მთელი ძალა-სიმძლავრით მირტყამდა თავში თუყურებში, ძველად რომ მტრის მოახლოებას საუწყებლად დოლებს ან ზარს ააგუგუნებდნენ, დაახლოებით ისე. ჩემი ორგანიზმი სიკვდილის მოახლოებას მაუწყებდა. მაგრამ, როგორც დაკვირვებული მკითხველი უამჩემსიტყვებოდაც მიხვდებოდა, განგაში ცრუ აღმოჩნდა. იმაში მაინც გამიმართლა, რომ ზურგზე ტივტივი ვიცოდი,თორემ უტარო ნაჯახივით წავიდოდი ფსკერისკენ, ჰოდა, მეც ასე, ცისკენ ამობრუნებული (ამ დროს ჩემმა გონებამ თითქოს სცადა, კიდევ ერთ ფილოსოფიურ აზრს წაჰპოტინებოდა, მაგრამეს აზრი მის ძალაგამოცლილ ხელს სლიპინა თევზივით დაუსხლტა) ერთხანს (საკმაოდ დიდხანს) ხმაურით ვსუნთქავდი (უფრო ზუსტად კი - ვხროტინებდი). ბოლოს, როგორც იქნა, მცირეოდენი შვება ვიგრძენი და ჩემს ძალაგამოლეულ სხეულში ენერგიის, ხოლო სასოწარკვეთილ გონებაში იმედის ნასახი გამოჩნდა. ცოტაც და შევძლებ ნაპირისკენ დაძვრას, ალბათ გავაღწევ კიდეც-მეთქი, გავიფიქრე, ვიღას ახსოვდა კამერა, ალეგორიები, ატირებული ბავშვი, უხვძუძუებიანი დედა და მონაშო ელემენტები! მთავარი იყო, გადავრჩენილიყავი და რამდენიმე წუთში, როცა გული, ასე თუ ისე, საგულეს ჩაუბრუნდა, ვერტიკალურ მდგომარეობას დავუბრუნდი, სვენებ-სვენებითდავიძარი ნაპირისაკენ. ასე ბრუნდებოდნენ ალბათ დამარცხებული, პირში ჩალაგამოვლებული მეომრები სამშობლოში (ვერც ფარით და ვერც ფარზე). როგორ და რანაირად ზუსტად არც ვიცი, მაგრამ ფაქტია,მოვახერხე და ბოლოს ქვიშიან ფსკერს შევახე ფეხი. მივხვდი, გადავრჩი. ლასლასის რეჟიმზე გადასულმა, როცა იმ საკრალურ დედა-შვილს ჩავუარე, ძლივს გასაგონად მოვუბოდიშე (ვერ შევძელი,შორს წაიღო ტალღებმა-მეთქი, თუ რაღაც ამდაგვარი წავილუღლუღე) და იმანაც (უხვძუძუებიანმა) ისეთი შეშფოთებული სახით მანუგეშა, არაუშავსო, მივხვდი, ზღვიდან ფეხით გამოსულის კი არა, ტალღებისგან გამორიყული მკვდარი კაცის ფერი მედო. ბავშვმაც შემომხედა, მაგრამ ისეთი უკმაყოფილო მზერა ჰქონდა, ალბათ თავშიც არ გაუვლია დიდობაში ჩემად ქცევის პერსპექტივები. ვირიშვილი. მუხლები მეკვეთებოდა და მკლავები მტკიოდა, იმის თავიც არ მქონდა, ჩემს სასქესო ორგანოსა და დუნდულებზე უხერხულად შემოტმასნილი საცურაო შორტი გამესწორებინა... ცხადი იყო, ოცნება ოცნებად დარჩა და რეალობას ბეწვის ხიდითაც კი ვერ დაუკავშირდა - ის ქალ-თევზა მუცელზე იწვა და ჩემკენ აღფრთოვანებული სახე კი არა, სპილენძისფერი დუნდულები მოეშვირა. რა თქმა უნდა, ურიგო სანახაობა ნამდვილად არ იყო, მაგრამ იმ მდგომარეობაშიც ნამდვილად არ ვიყავი, რაიმე სახის ტკბობა განმეცადა და მეც პირველივე მოხერხებულ ადგილას დავეგდე მდუღარე ქვებზე. ასე, ჰორიზონტალურად გაწოლილიც კი გარკვევით ვხედავდი ჩემს მუცელს, რომელიც მოშლილი ლიფტივით ადი-ჩადიოდა,დიეტაზე უნდა შევჯდე, დავიკლო-მეთქი, გავიფიქრე და თვალები დავხუჭე. საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ რამდენიმე საათში კიბორჩხალასავით გაწითლებულმა გავიღვიძე და კვნესა-კვნესით დავბრუნდი შინ. თან ვფიქრობდი: ასეა - ავაწყობთ წარმოსახვაში მშვენიერ გეგმებს, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ისე უნდა წარიმართოს, როგორც ვიმსახურებთ, მერე კი უცებ გამოჩნდება ჭიჭყინა ბავშვი,რომელიც გვაიძულებს, ზღვის სიღრმეებში ჩაკარგული იაფფასიანი კამერის დასაბრუნებლად ვოიაჟი მოვაწყოთ და ამ სულელური სამაშველო ოპერაციის შესრულებას ვეწირებით!
ან შეიძლება, სულაც არაა „ასე“ და მსგავსი რამ მხოლოდ მე მემართება. „ასეა“ თუ „ისე“, მხურვალე მზისაგან კან და იმედგაცრუებისაგან გულდაფუფქული, იმ დღიდან საჭმლის ვერა, მაგრამ ოცნების დიეტაზე შევჯექი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვააჰ, არადა მახსოვს აქ რაღაც დავწერე, შენმანი :) ვააჰ, არადა მახსოვს აქ რაღაც დავწერე, შენმანი :)
7. :))
ჰო, მშვენიერია ესეც :))
ჰო, მშვენიერია ესეც
6. რას ერჩი ბავშვის (უხვძუძუებიანი დედას) წარმოსახვაში დედას რომ აგინებ, კაი ტიპობა - არაა ეს . რას ერჩი ბავშვის (უხვძუძუებიანი დედას) წარმოსახვაში დედას რომ აგინებ, კაი ტიპობა - არაა ეს .
5. ყოჩაღ იანუს! +2 ყოჩაღ იანუს! +2
4. კაიტიპი, კაიტიპი :3
რა კარგად წერს თურმე :))
მშვენიერია ორივე. კაიტიპი, კაიტიპი :3
რა კარგად წერს თურმე :))
მშვენიერია ორივე.
3. მსუბუქი ისტორიებია. და სასიამოვნოდ იკითხება მსუბუქი ისტორიებია. და სასიამოვნოდ იკითხება
2. არ ვარ ჟურნალისტი, თოლია ჯოვ :დ არ მეგონა ჩემს სახელს ასეთი სოლიდური სტატისტიკა თუ უმაგრებდა ზურგს :დ არ ვარ ჟურნალისტი, თოლია ჯოვ :დ არ მეგონა ჩემს სახელს ასეთი სოლიდური სტატისტიკა თუ უმაგრებდა ზურგს :დ
1. რა ხალისიანად ყვებით, დამაჯერებლადაც.
"წითელი ხელი" უნდა ამას, ისე .
ჟურნალისტი ხარ, ბიჭო? ( "მალიარი ხარ, ბიჭოს" ვარიანტში) :)
ერთი აღმოჩენა გავაკეთე ამ ბოლო პერიოდში და ისიც აქ უნდა ვთქვა:
21-ე საუკუნის ათიან წლებში, სახელი "ბექა" 50%-ით მაინც ნიშნავს უკვე იმას, რომ კარგად წერა შეუძლია ამ სახელის მატარებელ ადამიანს :)
რა ხალისიანად ყვებით, დამაჯერებლადაც.
"წითელი ხელი" უნდა ამას, ისე .
ჟურნალისტი ხარ, ბიჭო? ( "მალიარი ხარ, ბიჭოს" ვარიანტში) :)
ერთი აღმოჩენა გავაკეთე ამ ბოლო პერიოდში და ისიც აქ უნდა ვთქვა:
21-ე საუკუნის ათიან წლებში, სახელი "ბექა" 50%-ით მაინც ნიშნავს უკვე იმას, რომ კარგად წერა შეუძლია ამ სახელის მატარებელ ადამიანს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|