ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2010


ტუჩზე გაზაფხულებს იშლი..

დილა შემოდგომას სტოვებს,
მაგრამ დაბრუნდება ვიცი,
ქარი არხევს ხეთა რტოებს,
ფოთლებს არ აცლიან სიცილს,
ჩემში სამყაროა კუშტი,
ტუჩზე გაზაფხულებს იშლი,
სკდება სიყვარულის ბუშტი,
ქარი უმოწყალოდ გიშლის
თმას და გიშრიალებს კაბას,
კაბას გიშრიალებს ქარი,
ზეცა ცისარტყელას აბამს,
ბჟუტავს მთვარე_ღამის კვარი.
წამწამს დაგაჯდება სხივი
და ჩემს გულში ფეთქავს გული,
მკერდზე ვარსკვლავების მძივი,
ტუჩი კოცნით დანაღმული.
ზღვები ბობოქრობენ კვლავაც,
დილა_მონატრების ფერი,
აჰა ერთი ჭიქა ყავა,
მომე სიყვარულის ღერი,
გხედავ!თითქოს სუნთქვა მიჭირს,
დგახარ თმებგაშლილი მარტო,
თითქოს თექვსმეტი წლის ბიჭი
ვარ და მეთექსვმეტედ გნატრობ
წამში.
          წამწამიდან სევდა
წვეთავს,
              შეგაწყვიტავ ღიმილს
ტუჩზე.
            ქარი ღრუბლებს ხევდა
და მთა_შენი მკერდის ქიმი...
ეგ თმა_მოალერსე ტალღა,
მზერა_მდუმარების წამი,
მთებზე ყინულები გალღვა
გრძნობის ცხელი სუნთქვით,ჩქამით.
ცაზე მობუზულა მთვარე,
ღამე ვარსკვლავებით ტირის,
მინდა შეგაშველო მხარი
ცამდე და სიჩუმე ყვირის
ჩემში ბობორიკა აბამს,
თეთრი აბლაბუდის ბადეს,
შენ კი თვალის ბადურს ნაბავ
და ზედ ბედის ამბორს ბადებ.
წვეთავს წამწამიდან წამი,
წვიმა გაზაფხულებს წალეკს,
წვება წებოვანი ღამე
და ორწოხზე დაწანწალებს
ფიქრი,
მოჩვენება,
ლანდი,
გრძნობა_სურვილების ფეთქვა
გულში მეჩვენება დარდი,
მე კი მინდოდა რომ მეთქვა:_
წამწამს დაგჯდომია სხივი
და გაქვს მონატრების ფერი,
მკერდზე ვარსკვლავების მძივი,
თმაში სიყვარულის ღერი,
თვალში მზისოდენა სითბო,
ვიცი გრძნობით გიცემს გული,
(და გთხოვ!არაფერი მკითხო)
ტუჩი კოცნით დანაღმული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები