ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2014


ჭიმია - ნაწილი პირველი

დაილოცოს, ღერთო, შენი სამართალი! ჭიმიამ თავი მოიკლა საკუთარ რთველში! არავის შერჩენია ცოდვა! შვილებზე გადადის და თაობიდან თაობაზე. რამდენის ცოდო ედო კისერზე! ეს რაც ხალხმა იცოდა და რაც არ იცოდა?!
რაც დათესა, ის მოიმკა! როგორც გასცა, ისე დაუბრუნდა, დატკეპნილი და თავმობმული! როგორც  მიაგო, ისე მიეგო თითონაც! ესეა,- კარგს დასთეს, კარგს მოიმკი, ცუდს დასთეს და მოსავალიც ეგეთი გექნება! ხორბალივით არი სიკეთე და სიბოროტე,- ერთი მარცვლიდან ამოსულ თავთავს, ზოგს ოცდაათი მარცვალი აქვს, ზოგს ორმოცათი, ზოგსაც ასი.
ასი მოიმკა ჭიმიამ. მთელი რაიონი დილიდან მაგაზე ლაპარაკობდა, უცბად გავარდა ხმა.
ისე არავინ ჩაივლიდა ჭიმიას სახლთან რომ არ დაეწყევლა.
„შენ არ გაიხარე, ჭიმი! შენ არ გეღირსოს სულის სიმშვიდე! ისე ამოწყდეს შენი ოჯახი, როგორც შენ ამოწყვიტე ოჯახები!“
„ისე გამწარდი შენს შვილებზე, როგორც არჩილად დედა გაამწარე!“
„მაგისმა შვილებმა რა დააშავეს, მაგრამ სხვანაირად ვერ მიხვდება სხვის სიმწარეს!“
მართალი კაცისა ლოცვაც მისავალია და წყევლაც. აკი მიეწია კიდევაც ჭიმიას.

...
ჭიმიას პირველად იოსებიძიაანთ არჩილა შემოაკვდა. კი არ შემოაკვდა, დასცა თოფი და მოკლა. ღირსიც იყო არჩილა! მა ნინელა რომ მოჰყავდა ცოლად, რა ეგონა?! ხო იცოდა,  წითელთმიანი ლამაზი ნინელა ჭიმიას ბავშვობიდან უყვარდა. მაშ რაღათ მოიყვანა?! მერე რა რო ნინელასაც არჩილა უყვარდა? არჩილას რო არ მეეყვანა, ნინელა აუცილებლად ჭიმიას გაჰყვებოდა ცოლად.
მერე რა რო არჩილა მაღალი და ტანადი იყო, ჭიმია კიდე დაბალი და გამხდარი? სამაგიეროდ, სახლ-კარი და ცხოვრება არჩილაზე მეტი ჰქონდა. დედოფალივით აცხოვრებდა ნინელას. არც ძროხას მოაწველინებდა და არც ბაღჩაში ამუშავებდა!
რამდენჯერ უფიქრია, თმაგაშლილი ნინელა ჩითის ღამის პერანგით არჩილასთან როგორა წვებოდა!  რამდენჯერ უნატრია არჩილას სიკვდილი ჭიმიას! რამდენჯერ თავისი ცოლის ადგილას ნინელა წარმოუდგენია და ის ღამე ცოლისთვის დაუვიწყარი გამხდარა! რამდენჯერ უფიქრია, ნინელას თეთრ მხრებზე და გულ-მკერდზე  როგორ ეყარა თმა, კაბაგახდილს. ან როგორ ივარცხნიდა თმას. ხანდახან თმა რო მოსახვევიდან გადმოუცვივდებოდა, გეგონება მზე ამოვიდაო,ისე გაანათებდა ნინელას თვალ-წარბს. მა ნინელა არჩილას ცოლი უნდა გამხდარიყო?!
ჰოდა მოკლა!  უმიზეზოდ კი არა, არჩილა ფრონტიდან გამოიქცა!  მაშინვე ამბავი მივიდა მილიციაში.  დეზერტირებს კიდე  მილიცია ან აპატიმრებდა, უკან აბრუნებდა ომში და წინა ხაზზე უშვებდა,  ან კიდე, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ნაბრძანები ჰქონდათ, ადგილზე მოეკლათ.
ჭიმიამ ჭკუა იხმარა და ომის დაწყებისთანავე ჩკ-ში დაიწყო მუშაობა.ჩკ - თანამშრომლები დაბრონილები იყვნენ ომიდან.  ხალხი ამბობდა, „ვიღაცა მაგისი ნათესავი დიდი კაცია, მთავრობაშია და იმან დააწყებინა მუშაობა, თორე მაგას მაშინვე ომში უკრავდნენო თავსა“.
არჩილას წინააღმდეგბა არ გაუწევია. „ერთადა ვართ გაზრდილები, დამაცადე, შე ღმერთძაღლო, ცოლსა და დედას ვნახავ და მე თითონ წავალ უკან! ძლივს ვეღირსე იმას, რო მამა გავხდე!“–შეეხვეწა.
საბძელში მოხდა ეგ,  ხორბლით სავსე ამბარის გვერდით თივაზე.  ნინელა ქმარს უკან ედგა და ისეთი თვალებით უყურებდა ჭიმიას, ის თვალები სიცოცხლეში არ დაავიწყდებოდა. აი, იცი, როგორი თვალებით?  მთელი ქვეყნის ხვეწნა–მუდარა რო ჩამდგარიყო შიგ, ისეთი თვალებით. თან შიშთან ერთად.
ესროლა ჭიმიამ. მა რას იზამდა? არჩილა ფეხზე ადგა, თითქოს ჭიმიასკენ გაიწია, მერე შეტორტმანდა და ხორბლით სავსე ამბარს დაეცა ზევიდან.
ნინელა ისევე დარჩა,  გაშეშებული და ხელებჩამოყრილი.
ჭიმიამ საბძლის კარს ფეხი ჰკრა და გამოვიდა.
მეზობლებმა კი გაიგეს სროლის ხმა, მაგრამ შიშით ვინ გამოვიდოდა გარეთ. როცა მივიდნენ, არჩილა უკვე მკვდარი იყო და ნინელა მსხლის ხეზე ეკიდა თოკით.
ეგ ჭიმია სინდისზე არ იყო, არა! რათ მაიკლა თავი? არჩილას გარეშე რა, ვერ იცხოვრებდა?! იცხოვრებდა, მაგრამ ეგრე უნდოდა. უნდოდა და როგორც უნდოდა, ისე გააკეთა.
მაგრამ სიმშვიდე კი დაეკარგა იმ დღიდან. სადაც გინდა ყოფილიყო იოსებიძიაანთ არჩილა უკან დაჰყვებოდა. შებინდებისას სახლიდან ვერ გამოდიოდა შიშით. სულ არჩილას ხმა ესმოდა „რა შენი სიცოცხლითა ვცხოვრობდი, ჭიმი? რათ გამინადგურე ოჯახი? დედაჩემის გაზრდილი მაინც არ იყო!  ტყუპებივით ერთად გვაწოვებდა ძუძუს...“
ეშინოდა ჭიმიას არჩილასი. ცოცხლისა არ ეშინოდა და მკვდარი არჩილა შიშის ზარსა სცემდა. თუ შემთხვევით სიბნელეში მოუწევდა სადმე მარტო წასვლა, არჩილას ფეხის ხმა ესმოდა ზურგს უკან. თითოს სუნთქვასაცა გრძნობდა. „ესე უნდა გდიო, ვიდრე ცოცხალი ხარ!“  ამ დროს შებრუნდებოდა ხოლმე ჭიმია და სიცარიელეში ისროდა. ფეხს აუჩქარებდა. სიზმარშიც ხშირად ხედავდა და დაძინება სიკვდილივით არ უნდოდა.
არჩილას დედა იმ ღამით სახლში არ იყო. დასთან იყო წასული.  დაბრუნებულზე საბძელს ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ის მსხლის ხე თავისი ხელით მოჭრა ცულით, „ახლოს არავინ გამეკაროთო“. მერე დაჯდა და თავისი სამი მკვდარი ისე იტირა - შვილი, რძალი და დაუბადებელი შვილიშვილი. ხალხი შიშით მიდოდა სამძიმარზე. ეს პირველი მკვლელობა იყო რაიონში.  აგვისტოს თვეში მოხდა ეგ ამბავი, პირველ კვირას. ომი ახალი დაწყებული იყო.
იმის შემდეგ სადაც კი შემთხვევით სონას გადაეყრებოდა, არჩილას დედას, თაგვივით სოროს ეძებდა. სონასიც ეშინოდა. პირდაპირ ყურება იცოდა სონამ, თვალებში. ამიტომ შორიდანაც რომ დაინახავდა, აუცილებლად გზას აუქცევდა. ყოფილა შემთხვევა, საქმეზე მიმავალი უკან დაბრუნებულა, სახლში.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები