ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2014


რამდენიმე გულუბრყვილო და სასაცილო მინიატურა სიყვარულზე - I ( ისევ გთავაზობთ) :) :)

                                                                        გულუბრყვილობაა, როცა სიყვარულზე წერ
                                                                        და დარწმუნებული ხარ,  არის.
                                                                        სასაცილოა, როცა კითხულობ და ძალიან გინდა,
                                                                        რომ იყოს.               


                                                   
                                                                            # # #

როდესაც აღარ გეყვარები  (ყოველთვის ასე ხდება უცაბედი და დიდი სიყვარულის შემდეგ),  შენ მე მიმატოვებ.  მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ლურჯი ყვავილები შეუძლია მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის უმშვენიერეს თეთრ ვარდებს დაინახავს.
არაფერს გისაყვედურებ,
არაფერს გაგახსენებ,
მხოლოდ მეყვარები.
მეყვარები განუზომელი სევდანარევი სიმშვიდით, ისე, როგორც მე შემიძლია მხოლოდ.
…გაივლის დრო და შენ სულ დამივიწყებ. გეყოლება  ორი… სამი…ან იქნებ,  ოთხი შვილიც…მერე შვილიშვილებიც დაგეხვევიან და ბედნიერი კაცი იქნები.
გეყვარება ცოლი და ისიც ბედნიერი იქნება.
ეყვარები მასაც, მაგრამ ისეთი გულისტკივილით არა, როგორც მე მიყვარხარ…ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული…
შვილიშვილებით გახარებული ვერ გაიგებ, როგორ დაგატყობენ წლები თავის კვალს სახეზე და თმაზე  (ჭაღარა კი რა უცბად წამოეპარებათხოლმე ბედნიერ ადამიანებს).
და მერე,
დიდი ხნის შემდეგ,
ვიცი, რომ დაგესიზმრები,
დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმით (შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმა), ჩემი სევდიანი თვალებით (შენ ყოველთვის ამბობ, რომ მე სევდიანი თვალები მაქვს დედაშენის თვალების მსგავსი).
გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები. მიხვდები ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე.
გაგხსენდება,  რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც ჩემი სახით…
ჩემი სიყვარული მოგინდება!
ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია…
გულისტკივილით გაიფიქრებ, “როგორ მივატოვეო, ის სულელი გოგო“ (შენ ხომ ასე გიყვარს თქმა “სულელი გოგო “).
სისიულელეა, მაგრამ მე მაინც მოვალ შენთან, როდესაც მიხმობ.
შენ კი აუცილებლად დამიძახებ, ვიცი!
…და ხომ ვამბობ, ეს იქნება დიდი ხნის შემდეგ.
მე აღარ მექნება ისეთი ლამაზი თმა, შენ რომ გიყვარდა, სულ ჭაღარა ვიქნები, ალბათ.
ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს!
…მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინათ რომ გიყვარდა სულ რამდენიმე თვე…
და მთელი ჩემი ცხოვრება,
და ის დაკარგული წლები,
და იმდენი გულისტკივილი,
ეღირება იმ ერთ ცრემლად,  დამჭკნარ,  დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება და აცახცახებული,  ბებრული ხელით რომ მოიწმენდ.


1979 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები