ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2010


უცაბედი სურვილი #2

მომინდა უცებ..
მომინდა ისე, როგორც არასოდეს მდომებია ეს. უცნაურია.
მომინდა მქონოდა ახალშექმნილი ოჯახი, მყოლოდა ღიმილით ნათქვამი “ქმარი”, არსით მეუღლე. გვქონოდა ახალგარემონტებული, ახალი ბინა, გვცმოდა ახალი ტანსაცმელი, მეოთხე თითზე გვკეთებოდა ელეგანტური, მბზინავი ბეჭდები, ვყოფილიყავით სადმე სტუმრად და ვმსხდარიყავით გვერდიგვერდ. გვეღიმა და გვესმინა სადღეგრძელოები. გვიან საღამოს კიდევ, სტუმრად ყოფნის შემდეგ, სახლში დაბრუნებისას, მანქანა დაგვეყენებინა თავის ადგილზე და სულ ცოტა ფეხით გაგვევლო.
შვილები ჯერ არა.
სახლში მსუბუქი განათება, რათქმაუნდა ირთვება ტელევიზორი, რომელსაც ხათრის გამო შევხედავდით. ჯერ ცარიელი რბილი ტახტი და მოწესრიგების სურვილით აფორიაქებული ჩვენ. ერთმანეთს ჯერ შეუჩვეველნი, ღიმილით რომ არ ვარიდებთ თვალს.
მომინდა ჩემთვის შემოგეხედა უცნაური თვალებით, როდესაც დამინახავდი სახლის სპორტულებში, კეფასთან უმიმართულებოდ შეკრული თმით და ცოტა დაღლილი სახით. მომინდა შენში მეგრძნო ჩემით მოწონება, სიხარული შიგნით, კმაყოფილება და მადლიერება.
ძალიან შემთხვევით მომინდა ოჯახი. ახალშექმნილი…
მომინდა შენი ყურადღებით და სიყვარულით განებივრებულს, გათამამებულს. შენზე მეზრუნა, თუნდაც შემესწორებინა ბალიში, ტახტზე მჯდომისთვის და მერე შენს მუცელზე დამედო თავი. რათქმაუნდა ფერებით არ დაიღლიდი თავს, მაგრამ მე ხომ ვიგძნობდიშენს ჟრუანტელს და ბედნიერების ნაპერწკალს სულში.
უცებ მომინდა, უმიზნოდ, აბსტრაქტულად.
სახლი წარმომიდგენია, შენ არა. არ ვიცი ვინ ხარ, საიდან გიცნობ, როდის შემიყვარდი, რით მომხიბლე, როგორ დამითანხმე ცოლობაზე, სად გვქონდა პირველი პაემანი, როგორ ამიხსენი სიყვარული, რა მაჩუქე პირველად... არაფერი ვიცი.
არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ იცოდე, მიხარიხარ. იცოდე რომ ხარ ადამიანი, რომელმაც სახეზე აფარებული ხელები ჩამომაწევინე, გულში ღიმილი შემომიშვი, სულში სიხარული, დამარწმუნე რომ შემიძლია გენდო და საყრდენად გიგულო,რომელმაც იცი ჩემი განვლილის შესახებ ყველაფერი და  რომელიც დამპირდი, რომ არასოდეს მატკენდი. თუ მატკენდი... ამიხსნიდი ყველაფერს და მშიშარასავით, შორიდან ბოდიშების ძახილით არ გაიქცეოდი. და რადგან ჩვენი ურთიერთობა დაოჯახებამდე მივიდა, გეცოდინება რომ არ ვარ ლაღი, ეშხიანი, ცოცხალი... ცეცხლი არ მიკიდია, საჭმელებს ვერ ვაკეთებ, არ მიყვერას სტუმარი და ხალხმრავლობა ჩემს სახლში, არ შემიძლია სიხარულის ისე გამოხატვა, როგორც განვიცდი, სხვანაირად მწყინს და სხვანაირად მიხარია, ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით არ გამოვირჩევი, ვეძებ 0სიმყუდროვეს და სიმშვიდეს. არ მიყვარს ჩემი დაბადებისდღე, მიყვარს ახალი წელი, თავისი საჩუქრებით და მანათობელი ნაძვისხით და ა.შ.
ისიც გეცოდინება რომ, თუ დაგიკავშირდი, შენი ბედნიერებისთვის, სიხარულისთვის, კარგად ყოფნისთვის, ყველაფერს გავაკეთებ, ვიზრუნებ. ვიფიქრებ რითი გაგახარო და არ ვიეჭვიანებ, იმიტომ რომ გენდობი და შენში დარწმუნებული ვარ.
ვიჩხუბებთ ხოლმე ალბათ. ეგ არაფერი, ხომ შევრიგდებით. ვივლით საზღვარგარეთ...
არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი როგორ მიმიღეს შენმა ძმაკაცებმა, ოჯახის წევრებმა. ჯვარი გამთენიისას დავიწერეთ, როგორც მე მინდოდა? ქორწილი ღია ცის ქვეშ გვქონდა? ბეჭდები ისეთი გავაკეთებინეთ, როგორიც მე მინდოდა? თუ რამე სხვა მოვიფიქრეთ ერთად?
ნეტავ როდის გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? როცა ძალიან მიჭირდა, თუ დამშვიდებულზე? ნეტავ როგორ გადაწყვიტე ჩემთან ერთად ყოფნა?
  მომინდა უცებ..
ახალშექმნილი ოჯახის სითბო, მორიდებული ღიმილი და თვალაურიდებელი მზერა მომინდა.
რბილი ტახტი ტელევიზორის წინ. ქვემოთ, ხალიჩაზე, ჩვენი კატა, ახალჩაძინებული, ჟურნალების მაგიდაზე შემოლაგებული ფეხები, შენს მხარზე ჩამოდებული ჩემი თავი და..
ნეტავი ვინ ხარ?


                                                      20.01.10.
                                                      01:29

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები