ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: saloabramishvili
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2011


გლობალური სიყვარული.

-სიყვარული გლობალურია! დაასკვნა  უდიდესი თვითმაყოფილებით და თლილ ჭიქაში ჩარჩენილი რძე დალია.
ის-სათვალიანი ინტელექტუალი, მუდამ გახამებული პერანგითა და განუყრელი ჰალსტუხით, სახეზე ჭკვიანური გამომეტყველებით, გამოუსწორებელი რომანტიკოსი და მეოცნებეა.
მე-გამოუსწორებელი ცინიკოსი, პრაგმატული, გოგო თხუთმეტი სანტიმეტრის სიმაღლის ქუსლებზე, მუდამ სექსუალურად ჩაცმულ-შეღებილი. ვერ ვიტან  ჭკვიან ბიჭებს და მათ დედებს, შვილებს კარაქიანი პურით რომ დასდევენ და სახლიდან გასვლისას ცრემლიანი თვალებით აცილებენ.
-სიყვარული ზღაპარია, სექსი, აი სექსი კი ნამდვილად გლობალურია. ვუთხარი მე და  ოფიციანტს მორიგი ჭიქა მარტინი შევუკვეთე.


დილა

ის- დილას 6 საათზე იწყებს. ვარჯიშობს, ლოცულობს, საუზმობს, კითხულობს არ სვამს ყავას და სახლიდან გასვლისას დედას აუცილებლად კოცნის შუბლზე.

მე- ქალაქის ყველა კლუბმოვლილი პირველი საათისთვის ძლივს ვახელ თვალებს. დილას აუცილებლად ყავით და სიგარეტით ვიწყებ, როგორც წესი სახლიდან  რეაქტიული რაკეტის მსგავსად გავდივარ რადგან მუდმივად ყველაფერი მავიწყდება და მუდმივად სადღაც მაგიანდება.



მეგობრები

ის- ინტელექტი, ჯოჯოხეთს არა, მაგრამ  საჯარო ბიბლიოთეკას ნამდვილად ანათებს.მისი მეგობრების ძირითადი კონტინგენტიც სწორედ მისნაირი სათვალიან-ჰალსტუხიანი ინტელექტუალების დიდი ნაკრებია რომლებსაც აუცილებლად ეშინიათ ობობების, ‘’კაი ბიჭების’’  და სახლში დაგვიანების.
გოგოები-მოსაწყენები.
ბიჭები-კიდევ უფრო.

მე-ჩემი მეგობრები არიან ყველგან. ქალაქის ყველაზე მოდური კლუბებისა და ბარების VIP  ლოჟებში სხედან და ძვირადღირებული მანქანებით დადიან. მართალია ინტელექტით ვერ ბრწყინავენ მაგრამ როგორც წესი ეს ყველას  მაშინვე ავიწყდება როცა მათ ხელში VISA GOLD გაიელვებს. ჰყავთ მათზე უფრო დაბალინტელექიანი შეყვარებულები და  ეს სწორედ ის ხალხია, რომლებსაც  ზემოთხსენებული ინტელექტუალები  ოთხიანის  მიღებაზე მეტად გაურბიან და ეშინიათ.



ოჯახი

ის- ჰყავს დიასახლისი დედიკო მაღალი მორალური პრინციპებით, შესაღები თმით და რეცხვისგან გახუნებული ხალათით. ასევე მამა, რომელიც გაურკვეველია სად მუშაობს მაგრამ ყოველ საღამოს ნასვამი მოდის სახლში და ‘’პატიოსან’’ ღიპზე ირტყამს ხელს.

მე- მყავს დედა რომელიც მუდმივად სადღაც მიფრინავს, ან საიდანღაც მოფრინავს. ასევე, მამა რომელსაც  ქალაქის მთელი სამოდელო ბიზნესი ეტრფის რაღა თქმა უნდა სქელი ჯიბისა და სექსუალურად შეჭაღარავებული თმის გამო.



მე- მარტინის მორიგი ჭიქა გამოვცალე და ვუთხარი, რომ სიყვარული მხოლოდ კარგი მანქანაა, სიმპატიური ქმარია, რომელსაც არასდროს აინტერესებს სად ხარ და შენი საყვარელი შეგიძლია ბავშვობის მეგობრად გააცნო და მანაც დაიჯეროს, რომ ეს მართლაც ასეა, კომფორტული, ხუთ ოთახიანი ბინაა ქალაქის ცენტრში და რაღა თქმა უნდა ოთხ ნიშნულიანი ანგარიშია რომელიმე ბანკში.

ის-დაღლილი სახით მიყურებს და უკვე ყველანაირი იმედი აქვს გადაწურული ჩემი ‘’გამოსწორების’’. ყოველთვის მთხოვს, რომ არ წავიდე ღამის კლუბში და არ დავლიო ბევრი, იმიტომ, რომ მეორე დილით აუცილებლად მეტკიება თავი. მთხოვს, რომ არ ვეჩხუბო როცა დამირეკავს და მეტყვის რომ მოვენატრე და მიმტკიცებს, რომ სიყვარული გლობალურია და მას დედამიწის გადარჩენა შეუძლია (გაურკვეველი საფრთხეებისგან) .

მე- შემიძლია დავურეკო მას ღამის სამ საათზე და საშინელი ხმით ვუთხრა, რომ საავამდყოფოში ვარ. შემდეგ კი მშვიდად გამოვრთო ტელეფონი და დავიძინო.
დილით კი როცა  მობილურ ოპერატორს გამოტოვებული ზარების სათვალავი აერევა მშვიდად ვუპასუხო მის ათასმერამდენეღაც ზარს და ვუთხრა, რომ მე კარგად ვარ, საავადმყოფოში კი ჩემი საყვარელი (მოდური) სერიალის, საყვარელი (ასევე მოდური)  გმირი წაიყვანეს.
შემიძლია ვთხოვო გაასეირნოს ჩემი ძაღლი რომელიც არ მყავს, შემდეგ კი ვიწუწუნო ცხოვრების დაუნდობლობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ძაღლის მოვლა მეზარება და ამ მარტივი მიზეზის გამო არ მყავს.
შემიძლია მის გახამებულ, თეთრ პერანგზე ჩემი  მაკიაჟის სქელი ფენა დავტოვო და თან ვუმტკიცებდე, რომ ეს ორიგინალურია და ძალიან უხდება მის პერანგს.

ის- მოთმინებით იტანს ჩემს ხუშტურებს, ასეირნებს ჩემი მეზობლების ბავშვებს, მიწერს საკურსოებს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მოვყავარ სახლში და საოცრად ეფექტურად უმკლავდება ჩემს მტკივან თავს და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას.

და ამ ყველაფრის შემდეგ როცა ის, საღამოს სახლში ტაქსით მიმიყვანს, მთელი დღის მანძილზე ჯიბით ნატარებ ქრიზანთემას ჯიბიდან ფრთხილად ამოიღებს და თმაზე დამაბნევს, შუბლზე მაკოცებს და სახლში მეტროთი წავა, მე ვხვდები, რომ სიყვარული გლობალური კიარა, ძალიან პატარაა და მის ჯიბეში მთელი დღით ჩამალულ ქრიზანთემას გავს. ამ ყველაფრის მერე კი მე შემიძლია დავურეკო მას და ვუთხრა, რომ  კლუბში მივდივარ და ტელეფონი გამოვრთო. ამ დროს, კი ჩემს ოთახში ვიჯდე და ვკითხულობდე. შემიძლია, შუაღამისას თავი მთელი ქალაქის მასშტაბით ვაძებნინო არადა ვიჯდე და მის საყვარელ ფილმს ვუყურებდე.  მე შემიძლია ვუმტკიცო, რომ სიყვარული არ არსებობს და ურთიერთობაში მთავარი სექსია თუმცა ვერ ვიტანდე ადამიანებს რომლებიც მართლა ასე ფიქრობენ. მე შემიძლია დავლიო განუზომელი რაოდენობის მარტინი და მშურდეს მისი იმიტომ, რომ საოცრად მიყვარს რძე. მე შემიძლია, მე შემიძლია, მე შემიძლია...

ის- ბევრად უფრო კარგად მიცნობს ვიდრე მე ვიცნობ საკუთარ თავს.
ის- ყოველთვის ბანაობს ჩემთან ერთად ზღვაში შუაღამისას  თუმცა ცურვა არ იცის.
ის- ყოველთვის როცა სიცხე მაქვს მაიძულებს დავლიო ათეულობით ჭიქა ჩაი და ჩავიცვა ძმრიანი წინდები მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ...
ის- ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებულია იმაში, რომ მე, ის, მიყვარს!

მე- აუცილებლად მექნება რეცხვისაგან გახუნებული ხალათი, მეყოლება ხანდახან ნასვამი ქმარი, უამრავი შვილი და მეცოდინება, რომ ბედნიერება სწორედ აქაა...

ჭირსაც წაუღია გრძელ ფეხებიანი, უინტელექტო მოდელი დაქალები, ბიჭები ბოლო მოდელის მანქანებითა და ბრენდების ტანსაცმლით, ქალაქის ყველა ღამის კლუბი, ყველა მოდური მაღაზია, მარტინი და VIP ლოჟები!!!

მე  შენ მიყვარხარ!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები