ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2011


ჩემს სხეულში რომ ანგელოზია

სიტყვებს იქით რომ სიტყვებია და იმის იქით…
ხავსი მოედოთ,
ვფიქრობ ზოგჯერ,
და მეშინია ნაადრევი გაუცხოების.

ბოლომდე მაინც ვერ შევძელი რომ მომეთმინა,
და ახლა დამნაშავესავით დავყურებ ფურცელს,
სადაც წუთის წინ ემოციის ნაყოფი იშვა.

ვცდილობ, როგორმე დავიმშვიდო სული და ხორცი,
სტრიქონებს შორის აწეული ტემპერატურით,
აჩქარებული გულისცემით აბორგებული.

ჩემს სხეულში რომ ანგელოზმა დაიდო ბინა,
პაწაწინაა ძალიან და ვერიდებოდი,
არ მინდოდა, თუნდაც, სულ მცირედ
შეეგრძნო ის წვა,
ლექსი რომ იწვევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები