ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
24 მარტი, 2012


სამოვარი ("ლიტბუნიობა2" ფინალური შვიდეულიდან)


ეძღვნება ოლია ცხვარიაშვილის ხსოვნას.

დიდი მადლობა არმენ არუთინოვს ამ მოთხრობის სახელის შერჩევისათვის. :)


დილით გიგამ თვალები რომ გაახილა, ანი სარკის წინ იჯდა და თმას ივარცხნიდა.
_ ვერ ვიტან ქალი ჩემს თვალწინ თმას რომ ივარცხნის.
_ აბაზანაში სიბნელეა, კორიდორში სიბნელეა. ასე, რომ შენს აზრს ჩემთვის მნიშვნელობაც რომ ჰქონდეს, სხვა გზა არ მაქვს _ ანიმ პომადის ამორჩევა დაიწყო.
_ მითუმეტეს, არ მიყვარს,ქალები რომ  ჩემს თვალწინ  იღებებებიან _ გიგა საწოლში წამოჯდა.
_ ეგეც სულერთია, ვინაიდან შენი დიდი ხათრის გამოც კი ვერ წავალ სამსახურში მოუწესრიგებელი.
_ სად მიდიხარ?!
_ აქამდე, ამ დროს ყოველთვის სამსახურში მივდიოდი და ვინაიდან დღეს არც შაბათია, არც კვირა _ პომადა შეარჩია _ დღესაც სამსახურში მივდივარ _ მაინც არ მოეწონა და გაიცალა _ ჩაი ცხელია, შენი საყვარელი ბუტერბროტები გავაკეთე  და სამზარეულოში გელოდებიან.
_ გაგიჟდი?!
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ ათი წელია ერთი და იმავე ინსტიტუტში ვმუშაობ, არ ვაცდენ, არ ვაგვიანებ და ამდენივე წელია შენ  გიტან და _ ანი გიგასკენ მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით შემობრუნდა _  კვერცხიან ბუტერბროტებსაც კი გიკეთებ (!!! ) სულ თავისუფლად შეიძლება ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვის შეტანა...
_ რანაირად მელაპარაკები?!
_ შენი „სკოლაა“! _ სარკიდან გაუღიმა ანიმ.
_ მე ხომ ვთქვი, რომ დღეს ჯვარს დავიწერთ.
_ შენ ეგ ერთხელაც  სთქვი... ადრე _ ანიმ ისევ გაუღიმა სარკიდან _ და, კიდევ კარგი, არც მაშინ დაგიჯერე, თორემ შეიძლებოდა შენზე წარმოდგენა დამეკარგა და სხვას გავყოლოდი.მითუმეტეს კანდიდატები...
_ კარგი ახლა, დღეს მოვაწერთ ხელს და ჯვარს დავიწერთ.
ანი ერთ წამით გაიყინა სარკესთან
_ ... „ უჰ, საპუდრეზე სახურავი მომიტყდა...“.  ვინაიდან ქორწინებას სურვილის გარდა კიდევ რაღაც ცნობები  სჭირდება მუნიციპალიტეტიდან, იქ კი ყოველთვის რიგებია და შენ რიგში დგომა არ გიყვარს... „რა ყველაფერი ხელიდან მივარდება! „
_ ჯერ მმაჩის ბიუროში წავიდეთ და იქ გვეტყვიან, რა არის საჭირო.
_ მმაჩის ბიუროში მინიმუმ ერთ თვეს იძლევიან მოფიქრების ვადას და რაკი კარგად გიცნობ, ამ ერთ თვეში  თავისუფლად შეიძლება გაქრე ორი-სამი თვით...
_ მართლა ასეთი დაუდევარი ვარ?! _ ისე, სხვათაშორის იკითხა გიგამ.
_ არა, რას ბრძანებთ _ გიგასკენ შემობრუნდა ანი _ ეს დაუდევრობა კი არ გახლავთ, ამას ქართულად „მამაკაცური დამოუკიდებლობა“ ჰქვია. _ გაუღიმა.
_ ხოდა მთლად უკეთესი...
_ კი მაგრამ, არ მეკითხები, ვარ თუ არა თანახმა?!
_ ვითომ რატომ არ უნდა იყო თანახმა ?! ვსვამ, ვეწევი, მეგობრები მყავს , რომლებიც მიყვარს...
_ იმდენი ვინმე სვამს და ეწევა...
_ კარგი ახლა, სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, საბოლოვო გადაწყვეტილება მიღებულია _ საწოლიდან ადგა, შარვალი ამოიცვა _ შენ წეღან რაღაც საინტერესოს მიამბობდი კვერცხიან ბუტერბროტებზე.
_ სამზარეულოში გელოდებიანმეთქი.
_ დიდი ხანია?
_ ჯერ ისევ თბილი იქნება.
_ ახლა უცებ მივხედავ ჩემს თავს...
_ მე მართლა არ მინდა დაქორწინება.
_ რატომ ?! _ გიგა უკან შემობრუნდა, საძინებელში.
_ იმიტომ რომ აუტანელი ხარ ! იმიტომ, რომ არავის ანგარიშს არ უწევ, იმიტომ რომ ბოლო მომიღო შენმა „დამოუკიდებლობამ“ და მარტოობას შევეჩვიე. ახლა კი უკვე აღარ მინდა ამ მარტოობაში ვინმემ ხელი შემიშალოს.... იმიტომ, რომ... აღარ მინდა დაგელოდო და აღარ მინდა... _ ანიმ აღარ დაამთავრა _ ახლა კი მართლა ჩაიცვი და წადი... უკვე საბოლოოდ წადი და რომ ორივემ ვიცოდეთ ეს _ ანის ტუჩები უკანკალებდა _ უკვე აღარ მეგონა, ოდესმე თუ იტყოდი, ვიქორწინოთო და ახლა მივხვდი, რომ აღარც მინდა...
დიდხანს უყურებდა ანის.. მერე კარისკენ წავიდა:
_ მე ახლა მართლა წავალ.. _ შემობრუნდა _  ვისაუზმებ. შენ მანამდე გამოიცვალე, ეკლესიაში შარვლით არ შეგიშვებენ... პირველ „ოჯახურ სკანდალს“ დიდსულოვნად გპატიობ.


. . .

ცხვარიაშვილი ზაქარიას ლამაზი ოლია სახლიდან გაპარულა მოჯამაგირე ნემენცთან ერთადო!
სოფელი შეიძრა.
სადა თქმულა, წესიერი ოჯახის ქალის  მამის უკითხავად სახლიდან წასვლა?!
მარტო ზაქარიას სირცხვილია ეგა?! მთელი ნათესაობისა და  სოფლისაცო, კაცო!
_როდისღა მოასწრეს, ქა ?!
_ რო სახლშიც ვერაფერსა ხვდებოდნენ !
მთელი სოფლის  ჭკუის დამრიგებელი ზაქარია იყო იყო  და საკუთარმა ნაშიერმა, სისხლმა და ხორცმა, ნაფერებმა და ნალოლიავებმა ულამაზესმა გოგომ თავი მოსჭრა საქვეყნოდ.
საკუთარი შვილი  ვერ გაზარდა.
ვაი, შენს ზაქარიას!
სად არ ეძებეს და ოლიასა და ნემენცის  კვალს ვერ მიაგნეს.

ნაწნავები კოჭემამდე სცემდა.
წელი წვრილი ჰქონდა. მაღალი იყო და სარივით წელში გამართული დადიოდა.
_ სადედოფლო ქალია, სადედოფლო !
  _ ახლა რა ხელი აქ !
სულ ოლიას დაქსოვილი წინდები ეცვათ მოჯამაგირეებიდან დაწყებული ბალღებით დამთავრებული.
ახლა რა ფარდაგებსა და ხალიჩებს ქსოვდა.
_ კარგი, გოგო, გაჩერდეს შენი ხელები, სახლში იმდენი არიან, საქმეს მოასწრებენ. მერეც მოასწრებ როცა გაგათხოვებთ.
საქმეს არიდებდნენ.
თვითონ არ ერიდებოდა.
მთელმა პატარძეულმა იცოდა ცხვარიაშვილ ზაქარიას მშრომელი, ძალიან ლამაზი და მამის მორჩილი გოგო ჰყავდა.
მარტო პატარძეულში კი არა, ახლომახლო სოფლებშიც.
_ნეტავ იმ ოჯახს, სადაც ეგ შევა!
განა მოჯამაგირე ნემენცისთვის უნდოდა ზაქარიას შვილი?!
ვაი, ზაქარია!
სოფელი ისე უსამძიმრებდა, როგორც მიცვალებულის პატრონს.
კრიჭაშეკრული ხმას ვერ იღებდა, ჯერ სირცხვილით სოფლის წინაშე და მერე საყვარელი შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გამო.
არც სიხარულის, არც არც მწუხარების გამომჟღავნებას დაჩვეული არ იყო. და ეს ოხერი გული რამდენს გაუძლებდა განა!
ძმები და ბიძაშვილები მთელ კახეთში ეძებდნენ გაპარულებს.
დღეები გავიდა.
თვეებიც.
ვერავინ გაიგო საით წავიდნენ.
ეშმაკმა წაართვა შვილი ზაქარიას, ეშმაკმა. 
_  პირჯვარს უკუღმა იწერდა,ქააა !
„მა ეშმაკი რო არა ყოფილიყო, სახლში როგორ შემოვუშვებდი გადამთიელს?!.. ან საიდან ჩამოითესლა კახეთში... თავის ენაზე რო რაღაცა მითხრა,ვერ გავიგე,  მაგრამ თვალებში რომ შევხედე, მივხვდი სამუშაოს ეძებდა... ჩემი ოჯახის უბედურებად შემოვუშვი სახლში.. ხალხი არ მეტყვის, შენ რა კაცი ხარ, შვილი სახლიდან გაგეპარაო?! მუშახელიც საკმარისადა  მყვანდა , ბედისწერა რომ არა ყოფილიყო, ზედმეტი მოჯამაგირე რიღასთვინ მინდოდა?!..“
რამდენჯერაც მძებნელი უამბოდ დაბრუნდებოდა, ოლიას დედას იმდენჯერ გულწასულს ასულიერებდნენ.
მკვდარი დადიოდა ზაქარია.
ვეღარც დედის ტირილს უძლებდა.
კიდევ ერთხელ რომ მოვიდნენ მძებნელები უამბოდ, კიდევ ერთხელ რომ ცუდად გახდა ზაქარიას ცოლი და კიდევ ერთხელ რომ მოთქმით დაიტირა დედამ თავისი გაზრდილი შვილიშვილი, ზაქარიამ უსმინა, უსმინა და მაგიდას მუშტი დაჰკრა:
_ ვითომც მამკვდარა!  კრინტი აღარავის დაგცდეთ !
ეს იმის ნიშანი იყო, რომ ოლიაზე ხმის ამოღების უფლება ჩამოერთვა ოჯახს.
თანდათან შეეჩვივნენ ოლიას დაკარგვას და ზაქარიაც საქმეს მიუბრუნდა.
ოჯახში სიხარულისა და ხალისის სიკვდილს ზაქარიას მამა მიჰყვა.

_ ან რა ენაზე მაილაპარაკეს, ქა, იმ არგასახარებლებმა. იმ ნემენცმა ქართული არ იცოდა, ოლამ კიდე ნემენცური !
ნემენცს ისეთი თვალები ჰქონდა და ოლას ისეთი ღიმილი ლაპარაკი არც უნდოდათ.
ოლიამ ისედაც არ იცოდა ბევრი ლაპარაკი, მამას ჰგავდა.
ბაბოს  გაზრდილი იყო.
_ ქალმა, შვილო, ბევრი არ უნდა ილაპარაკოს, კაცმა მითუმეტეს.სანამ რამეს იტყვი, სიტყვა პირში მოხარშე, ითქმება თუ არა. თუ არ ითქმება,უნდა გადაყლაპო. როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება.  რაც უფრო ცოტას პალარაკობს ადამიანი, იმის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქ. რაც შენი საქმე არ არის, არ ვიცი-თქო, თქვი. „არ ვიცი“  ერთია და „ვიცი“_ ათასი. ხალხმა თქვა,  „ქვეყანა ენამ მოჭამა, ვერ ამოღებულმა ხმალმაო“, „სანამ ხმალი მივიდა, ენამ თავი მოსჭრაო“.  იმიტომ უნდა დააჭიროს ადამიანმა ენას კბილი.
_ აი, შვილო, შენზე აღარც დიდი ვარგა და აღარც პატარა. მე რაც ბავშვობაში ვიყავი, ეხლაც ისა ვარ. ეხლავე თუ არ ისწავლე კარგისა და ცუდის გარჩევა, მერე ვეღარ ისწავლი. ბევრ რამეს ისწავლი და მაგას ვერა.
_ დედი, რა იცის ადამიანმა კარგი რა არი და ცუდი?! _ ბაბოს ყველა დედიას ეძახდა სახლში, დიდიცა და პატარაც.
_ როგორ არ იცი, შვილო. ღმერთმა რო კაცი დაარიგა, არ მოიპაროვო, ტყუილი არა სთქოვო,  დედ-მამა გიყვარდესო, აი, ეგ არი კარგი. ვინც ეგრე არ იქცევა, ცუდია. კაცისა რო რამე არ მოგეწონება, უნდა იფიქრო შენ როგორი ხარ. შენ რო სხვა იყო, რა არ მოგეწონებოდა შენი. ეგრე გაზრდი შენ თავს.
_ „საბანი სადამდეც გაგწვდება, ფეხი იქამდე უნდა გაჭიმო“. ძალიან ბევრი არ მოგინდეს, სიხარბეა. წესიერად მოიქეცი და ღმერთი ისედაც მოგცემს. გამრჯე რო ხარ, კარგია. ზარმაცს ბარაქა არა აქ.
_ სუფრიდან ქალი ნახევრად მშიერი უნდა ადგეს. განა საჭმელი არა გაქ და იმიტომ, გაძღომამდე ღორები ჭამენ. ადამიანი არ უნდა გაღორდეს. მუცელი შენს ქვევით არ არი ?! შენ ზევით ხო არ არი?!  მუცლის ჭკვაზე არ უნდა იარო. მუცელს აღორებ, ღორია და აქორებ - ქორია.
_ მზეს ფეხზე უნდა დახვდე, ხალისი იცის საქმეში. ქალი შენახული უნდა იყოს, როცა საჭიროა, გამააჩინოს... კი არ უნდა დამალო, უნდა გადაინახო. ეგ სხვადასხვა რამეა. ასკილის ყვავილობას, როცა ჯერ არც  ახალია და აღარც ძველი, შენახული ქალი მაშინ გამააჩენს ყველაფერს.
_ „დაჩივნება თხოვნაა და თხოვნა-ძალიათ წართმევა“.  არაფერი ითხოვო, დაიჩივლე, თუ ღმერთს უნდა, ვისთანაც დაიჩივლებ, გულს გაუთბობს და ხელს გაგიმართავს.
_ და კიდე ერთი, შვილო, დედ-მამის ნების წინააღმდეგ არაფერი გააკეთო. „ვირმა პალო მოგლიჯა, ერთი პატრონსა ჰკრა და ათი თითონ იკრაო“ . დედ-მამის ურჩებს  ღმერთი არა სწყალობს.
ასეთი ბაბოს გაზრდილი იყო ოლა.


ოლიამ ნემენცი პირველად სასადილო ოთახში ნახა, სამზადის გვერდით. მდიდარი გლეხი იყო ზაქარია და იმის სუფრას მოჯამაგირეებისა და ოჯახის წევრი კაცების გარდა, მეზობლებიც უსხდნენ. არ ენანებოდა.
ოლამ არ იცოდა მამას ახალი მოჯამაგირე თუ ჰყავდა ხონჩაზე დაწყობილი საჭმლით რომ შევიდა, კართან გაჩერდა. ამ შავგვრემან მოჯამაგირეების, მამისა და ძმების გვერდით ქერა, ცისფერთვალა გერმანელის დანახვამ გააქვავა.
„თეთრი გიორგი ხომ არ მეჩვენება, სახლში ჩამოსულიო“, გაიფიქრა.
გერმანელი მოჯამაგირეც არ ელოდებოდა ამნაირი სილამაზის აქ ნახვას.
მერე ოლიამ სინი მაგიდაზე დადგა  და გამოვიდა.
მაგრამ შემდეგ, როცა მოჯამაგირეებისასადილო ოთახში ან საუზმობდნენ, ან ვახშმობდნენ, ოლია შინით აღარ შედიოდა, თავის ოთახში ჩაიკეტებოდა, საწოლზე დაწვებოდა, ხელებს თავქვეშ ამოიდებდა და იღიმებოდა.
მხოლოდ ის იყო, ეზოს დაგვას მაშინ იწყებდა, ვიდრე მზე ამოვიდოდა, ვიდრე მოჯამაგირეები ისაუზმებდნენ. ეზოში პირის დასაბანად გამოსულებს ირიბად გახედავდა და სახლში შევიდოდა.
ნემენცი იჭერდა იმ ირიბ მზერას.
მერე სახნავშიც ძალა ჰქონდა და  სახლშიც.
ვახშმის შემდეგ მთელი ოჯახი მოჯამაგირეებიანად რომ ისვენებდა, ახალი მოჯამაგირე ეზოში, ან სახლში აუცილებლად რამეს მონახავდა გასაკეთებელს. ღობის ძირში დარგული ვარდები სახლის კიბესთან გადმოიტანა. საქონლის შესასვლელი ღობეში სხვა მხრიდან გააკეთა, ეზოში რომ არ ევლოთ. საქათმეს წნელის ღობე შემოუწნა.
ამას, ყველაფერს, ზაქარიას ნებართვით  აკეთებდა.
ასე გავიდა გაზაფხული და ზაფხულიც  დადგა.
იმ დილით ოლიამ  სახლი რომ მიალაგა რძლებთან ერთად, ეზოში გამოვიდა. კუნძზე ჩამოჯდა და თვალი გაუშტერდა.
                      ზაქარია, ხარების საყიდლად იყო წასული ორივე შვილთან .ერთად.
დედა და რძალი მეზობელ ლეონიძიაანებს ეხმარებოდნენ პატარა გოგლას  ნათლობის სამზადისში.

მინდორში თივის დასადგმელად ნემენცი და ერთი მოჯამაგირე იყვნენ წასულები, დანარჩენები ზოგი ნახირში იყო და ზოგი სათიბში.
სათიბში სადილი უნდა წაეღო ვინმეს.
_ მე წავიღებ სადილს მინდორში _ თქვა ოლიამ.
შუადღე იყო და  ნემენცი ისვენებდა. მეორე მოჯამაგირე მდინარეზე იყო ჩასული.
ნემენცი მოგროვილ თივაზე იწვა, ხელები გაეშალა და მზეს მიფიცხებოდა.
ფეხის ხმაზე თვალი გაახილა.
არ ელოდებოდა ოლიას.
სადილი ყოველთვის ქალებს მიჰქონდათ, მაგრამ ოლიას არასდროს.
გაკვირვებული წამოჯდა თივაზე.
ოლიამ მის წინ ჩაიმუხლა.
დიდხანს უყურა მოჯამაგირეს, მერე ადგა და წავიდა.
ნემენციც გაჰყვა.
მინდორი გაიარეს.
მინდვრის შემდეგ რიყე იყო.
უკვე გვერდიგვერდ მიდიოდნენ.
რიყის შემდეგ გზა იყო, რომელიც არც ერთმა არ იცოდა, საით მიდიოდა.
მეურმეებმა ჩამოიარეს გზაზე. ფეხით მიმავლები დაიმგზავრეს.
კახელები უთქმელი ხალხია და არავის უკითხავს, ვინ ხართ და საით მიდიხართო.
დაიღალა ოლია ორი დღის მგზავრობით.
დაღლილი უფრო ლამაზი იყო.
მერე უკვე ფეხით შეუდგნენ მთისკენ მიმავალ ბილიკს.

არხოტამდე არმისულები მთის ერთ სოფელში მოხუცმა,  უშვილო ცოლ-ქმარმა შეიფარათ.
მაშინვე მოეწონათ ერთიმეორე.
_ ღმერთი უშველის, ეს ბიჭი შვილის ადგილას გვეხმარება, ძაან მშრომელია.
_ გოგოც. არც ეგ გაჩერებულა მისვლის შემდეგ. ნეტა, პატრონი არა ჰყავთ? ან აქ  რა უნდათ ?!

ზამთარიც დაიწყო.
მთაში გრძელი ზამთარი იცის.
ზამთარში გრძელი ღამეები.
ისხდნენ ამ გრძელ ღამეებში ქალები და ხან მატყლს წეწავდნენ, ხან ართავდნენ, ხან ქსოვდნენ.
მეზობლებიც მოდიოდნენ.
_ რა ფარდაგებს ქსოვს, ეს დალოცვილი ! კი არა ღებავს, რა ფერის მატყლიც ცხვარსა აქვს, იმ მატყლით ქსოვს ფერებს.
ნემენცი იჯდა და ხანდახან ხისაგან რაღაცეებს თლიდა დანით, ადამიანებს, ცხენებს, ოლია გამოთალა ისეთი, მაშინვე მიხვდებოდი, ოლია რომ იყო. დამჯდარი და მუხლებზე ხელებშემოხვეული.
არ ესმოდა, ოჯახის წევრები რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ იმათ სიცილზე ხვდებოდა, ყველა ბედნიერი იყო და თვითონაც იცინოდა.
ისე გავიდა ზამთარი, არც გაუგიათ. უცბად.
ბედნიერებას სცოდნია ასე, ვერ ამჩნევ, თურმე დროს.
ერთხელაც არ გახსენებია ოლიას თავისი ოჯახი.
ეგეც ბედნიერებას სცოდნია, თურმე.
გაზაფხულზე ნელ-ნელა ჩაწვა თოვლი ხევებში.
საქონელი საძოვარზე გარეკა ხალხმა.
გაზაფხულმა საქმე სახლიდან გარეთ გაიტანა.
ოლიაც უკვე მთელი დღეები მარტო იყო სახლში.
საღამოობით ისე ელოდებოდა ქმრის სახლში დაბრუნებას, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი  აღდგომის წმინდა დღესასწაულს.
ერთიმეორისა არ ესმოდათ, მაგრამ სულ იღიმებოდნენ.
ეგეც ბედნიერების თვისება ყოფილა, ღიმილი.
_ ეგრე არ უნდა პირჯვრის გადაწერა _ ეუბნებოდა ოლია და ნემენციც ისე იწერდა პირჯვარს, როგორც ოლია ასწავლიდა.
ხანდახან, საღამოობით, როცა საქმეს მორჩებოდნენ, გავიდოდნენ ტყის პირას და ისხდნენ.
ნემენცი რაღაცას უყვებოდახოლმე თავის ენაზე დიდხანს.ამ დროს ხან  ნაღვლიანი თვალები ჰქონდა და ნაღვლიანი ხმა. ხან კი პირიქით, მხიარული. ოლიამ იცოდა, ქმარი თავის თავგადასავალს უამბობდა.
_ კარგია, ერთიმეორისა ყველაფერი რომ არ გვესმის. ყველაფერი რომ გვესმოდეს, სიყვარულს ძალა დაეკარგებოდა. _ ეუბნებოდა ოლია და ისეთი  ღიმილი ჰქონდა, ნემენცს არაფრის გადათარგმნა არ სჭირდებოდა.


. . .
როცა გიგამ შხაპიც მიიღო, ისაუზმა კიდევაც და საძინებელში შემობრუნდა, ანი ტანსაცმლის ღია კარადასთან იდგა .
_ ვერ მოვიფიქრე, რომელი კაბა ჩავიცვა.
_ შენ რომელი გიხდება?
_ ყველა _ გაიცინა ანიმ.
_ მაშინ ყველა ჩაიცვი, მხოლოდ, ჩქარა.
_ ჯერ ძალიან ადრეა.
_  მართლა?!
_ ხო, მართლა...
_ აბა, რა ვაკეთოთ ?!
გიგა საწოლზე მიწვა. ანი  გვერდით მიუწვა.
_ რა ვიცი. _ მხრები აიჩეჩა ანიმ _  ეს ვარდები საიდან მომიტანე?
_ გაზონებში დავკრიფე.
_ ქალთან ხელის სათხოვნელად მიდიოდი და ყვავილებს გაზონებში კრეფდი?!
_ ძალიან გვიანი იყო და ყვავილების მაღაზიის ძებნა არ დავიწყე... გუშინ, ერთ ადგილზე ვიყავი...
_ მორიგი „გასვლა“ გქონდა მეგობრებთან ერთად?
_ მოიცა. ერთმა კაცმა საინტერესო რაღაც თქვა. ღმერთი, თურმე, კაცს  ცხოვრებაში ერთხელ აძლევს ისეთ ქალს, რომელიც მთელი შენი ცხოვრების „ფოქმულას“ აკმაყოფილებს. თუ ის ქალი დაკარგე, მერე ძებნას დაიწყებ და სხვას უკვე ვეღარ იპოვიო.
_ მერე?
_ მერე რა ?!  სულში ჩავიხედე და შენს მეტი ვერავინ დავინახე.
_ რომ მოსულიყავი და აქ ვინმე დაგხვედროდა?
_ ვინ უნდა დამხვედროდა?!
_ რა ვიცი, ვინმე, ხომ შეიძლება მომბეზრდა...
_ შენ ეგეთები არ შეგიძლია.
_ ვიხუმრე.
_ ისე კი...  იმ ფრანგებზე ისე აღტაცებული ლაპარაკობდი...
_ ვინ ფრანგებზე?!
_ აი,  ანრი და პიერი, თუ ვიღაც.
_ ვინ ანრი და პიერი?!.. ააა, ერთი წლის უკან რომ იყვნენ?!  შენ საიდან იცი?!
_ შენ არ მიმბობდი? ისე ამიღწერე, ქუჩაში შემხვდნენ და ვიცანი.
_ შენ.. შენ ისინი ნახე?! _ ანიმ გაიცინა _ მეც არ გამიკვირდა, უცბად რომ გაქრი? ახლა მაგონდება, მაშინ სამსახურშიც  მომაკითხე...  და იმისათვის, რომ ის ფრანგები გენახა?!.. ღმერთო, ჩემო!
_ კარგი ახლა, ეგ სასაცილო არ არის.
_ იეჭვიანე?!
_ ... ვიეჭვიანე კი არა!..
_ კი, იეჭვიანე!
_ ისე აღტაცებული ლაპარაკობდი... რა ვიცი!
_ იმათ თავის გაჭირვება ეყოფათ.
_ რა გაჭირვება ჰქონდათ ამნაირი?!
_ ჩვენი ამბავი ხომ იცი, შესვენებაზე გოგოები ერთად ვდგავართ და ვჭორაობთ, ბიჭები ერთად დგანან და ფეხბურთზე ლაპარაკობენ..
_ მერე?
_ მერე რა!  გოგოები ლესბოსელები ვეგონეთ და ბიჭები ჰომოსექსუალისტები. ერთი იმათი გაკვირვებული სახეები გენახა, რომ გაიგეს, რომ მასე არ იყო. ბიჭებმა რამის სცემეს.
_ უჰ, მაგათი ფრანგი დედა ვატირე!
გიგა გაჩუმდა და ჭერს გაუშტერა თვალი.
_ გიგა.
გიგამ პასუხი არ გასცა.
_ გიგააა!.. სად ხაარ?
_ შენს ინსტიტუტში.
_ ჩემს ინსტიტუტში რა გინდა?!
_ განცხადებას ვწერ გათავისუფლებაზე.
_ გიგააა, მე ჩემი სამსახური მომწონს!
_ კარგი, მაშინ შვებულებაზე.
_ შვებულება უკვე მქონდა.
_ საქორწინო შვებულება ხომ არ გქონია?!


. . .

ჭალაში იყვნენ.
შველი გადმოუხტათ ტყიდან.
ვიღაცამ ესროლა და ოლიამ შიშით გააყოლა თვალი შველს.
მეორედაც ესროლეს, მესამედაც და კიდევ ერთი-ორჯერ.
თოფის ხმაზე დამფრთხალი შველი ისევ ტყეში შევარდა. ოლიას შიში  ღიმილად ექცა.
„გაასწრო..  ვერ მოკლეს“ გაიფიქრა და რამოდენიმე ნაბიჯზე ჩამორჩენილ ქმარს მოხედა.
სისხლში ცურავდა ბალახებში წაქცეული ნემენცი.
თვალებს არ დაუჯერა.
შვლის გზას გახედა...
მერე ისევ ქმარს.
აღარც სახე ჰქონდა, აღარც ცისფერი თვალები...
კირის ფერი დაედო....

ძმამ საცემად გაიწია. ბიძაშვილმა ძლივს გააჩერა.
მამა ნაწნავებში მისწვდა. ორივე ხელზე დაიხვია და ისე უნდოდა ცხენზე ათრევა.
ბიძაშვილა ხელი შეაშველა და ცხენზე  ასწია.
არც გული წასვლია, არც  უტირია, არც ხმა ამოუღია,  არც გაუბრძოლია...
არც მაშინ და არც მერე.
არც უკან მოუხედავს, ჭალისკენ.
მოსახედი აკი არც აღარაფერი  იყო..

სახლში მიყვანილი ბოსელში ჩაკეტეს.
სოფელი სახადშეყრილივით უყურებდა სახლში ოლიასთან ერთად დაბრუნებულ ცხვარიაშვილებს.
_ ეგრე ადვილია კაცის მოკვლა?! ქალი წამოეყვანათ და იმისთვის ეცემნათ, მოკვლას რას ემართლებოდნენ?!
ერთი კვირის შემდეგ მეზობლის ხელით მთიდან ოლიას ნივთები გამოაგზავნეს.
რა ნივთები ის იყო!
ერთი ხელი ლოგინი.
ერთი სამოვარი.
ორი  ფარდაგი, ოლიას ნახელავი.
ნემენცის გამოთლილი ხის კაცები და ოლია, დამჯდარი და მუხლებზე ხელებშემოხვეული.
თან შემოთვალეს, ნემენცი დავმარხეთო.
გამწარდა ზაქარია.
მომსვლელი პატივისცემით გაისტუმრა, მაგრამ მოტანილი სახლში არავის შეატანინა.
ეზოს გარეთ თივაზე დააწყო და ცეცხლი წაუკიდა.
უხსენებელივით დაწვა ზაქარიამ ნემენცის სახსენებელი.

იმ ღამეს ოლია სახლიდან გაიქცა, თავის მოკვლა უნდოდა.
ცხენით დაეწია მამა, ხევისკენ გაქცეულს.
წამოათრია.
მაშინ კი ამოხეთქა იმდენმა სიბრაზემ და შოლტით სცემა შვილს,  მანამდე, ვიდრე გრძნობადაკარგულს მოჯამაგირე არ გადაეფარა.
_ ნუ მოკლავ, ზაქარია, თავისი ეყოფა !
კიდევ გადააწნა ერთი-ორჯერ, ცხენზე შეჯდა და წავიდა.
ძლივს მოასულიერეს ოლია დედამ და რძლებმა.
ზაქარიას შიშით სახლში მაინც ვერ შეიყვანეს. ისევ ბოსელში დაუგეს ლოგონი.
უმცროსი ძმის ცოლმა ღამით ნაცარი ჯოხით გაქექა., სამოვარი იპოვა, წყაროზე ჩაიტანა და ქვიშით გახეხა.
ზაქარია რომ სახლში ყოფილიყო, ვერ გაბედავდა.
ჩუმადვე შეიტანა ეზოში და თივის ზვინის ქვეშ დამალა.
ჩუმადვე შევიდა ბოსელში მულთან. სამზადისიდან მაწონი და შოთი გაიყოლა.
_ არ მინდაო. _ თვალებით უთხრა ოლიამ.
_ ცოტა შეჭამე რამე, უბედურო, მოკვდები _ უთხრა რძალმა და ტირილი დაიწყო.
თავის ხელით აჭამა ძალით.
_ ოლი, შენი სამოვარი შემოვიტანე  და თივაში დავმალე. ხვალ როგორმე შევიტან სახლში და შეგინახავ... რად გინდა, მაგრამ მაინც იყოს...
ოლიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო. გათენებამდე ტიროდა ორივე.
ტყეში პირქვე დამხობილი ზაქარიაც ტიროდა ბავშვივით...  როგორც მკვდარს, ისე ტიროდა შვილს...
_ მე მაგას ჩემ ცრემლს არ ვაპატიებ ღმერთო ! ... არ ვაპატიებ !
ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა სახლში.
ისედაც სუსტი ოლია კიდევ  უფრო გამხდარიყო., მაშინვე დაინახა მამამ, მაგრამ  ოლიას გამოხედვამ შეზარა .
თვალებში არც უბედურება ედგა, არც გაბრაზება, არც შიში და არც მორჩილება...
გაქვავებული სული უყურებდა ზაქარიას შვილის ორი თვალით და  შეეშინდა ზაქარიას იმ გაქვავებული სულის.
ერთი-ორი დღის შემდეგ ზაქარიამ ცოლს სიტყვა გადაუგდო:
_ ხვალე  შენი შვილის მთხოვნელები მოვლენ. ბოსლიდან  გამოათრიეთ და ჩააცვით.
ცოლმა ვერ გაუბედა, ვინ მთხოვნელები მოვლენო და თავი დაუქნია.


. . .
მთისკენ გაუყვნენ ბილიკს.
თავიდან კიდევ კარგად იარა ანიმ, მაგრამ შემდეგ უკვე ზურგჩანთა დაუმძიმდა.
  _ ხელის მოწერის შემდეგ ყველა მილოცვემს იღებს...
_ ეგ ძააან მოსაწყენი საქმეა. ჩემი ძმაკაცის ქორწილში ვიყავი, ორი დღე იჯდა ფრაკში გამოწყობილი  სუფრის თავში და მთვრალ ნათესავებს უსმენდა. შემეცოდა.
_ ყველა ნორმალური საქორწინო მოგზაურობით პარიზში ან ლონდონში მიდის, მარტო ჩვენ მივდივართ არხოტში.
_ პარიზში და ლონდონში არავინ მელოდება და არხოტში ძმაკაცი მყავს. უნივერსიტეტი ერთად დავამთავრეთ.
_ რამდენი ხანია, რაც არ გინახავს?
_ რაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ , თხუთმეტი წელია.
_ დარწმუნებული ხარ, რომ გიცნობს?
_ კი.
_ დავიღალე.
_ აქ ერთი ნასოფლარი ვიცი, ღამე იქ გავათენოთ.

ანიმ ყველა სახლი შემოარა. 
_ რა სოფელი იქნებოდა ეს?
_ ჯერ ისევ კახეთია, ვიცი,  და რა სოფელია კი არა.    როცა აქ მოვდივარ, მგონია, რომ ვიღაც ჩემიანთან მოვდივარ. მიყვარს აქ მოსვლა.
_ ნახე, გიგა, ამ სახლში სამოვარია.
_ ვიცი. ახლა ცეცხლს დავანთებ, თორემ შეიძლება შეგვცივდეს.  ხვალ კი უკვე არხოტში ვიქნებით. 


. . .

ცხოვრებაზე ალღოაღებულმა სადედამთილომ  ნაცემ და ნაშიმშილებ ოლიაში ჭკვიანი, ლამაზი და შრომისმოყვარე მომავალი რძალი დაინახა. აკი ბევრიც ჰქონდა გაგებული ზაქარიას ოჯახზე.
ნიშანიც  მაშინვე დაუტოვა.
_ მზითებს არა, შავ ქვას მივცემ ! _ თქვა ზაქარიამ.
_ არ გვინდა ზაქარიავ, მზითები. კარგად იცი, შეძლებული ოჯახი მაქ. ქალი კარგია. თითონ არი თავის თავის მზითები. გაონილი მაქ მაგის ქება. 

მეზობელი ლეონიძიაანთ გოგლა შეეჩვია ოლიას. 3-4 წლისა იქნებოდა. დილით შემოვიდოდა, და საღამომდე გვერდიდან არ სცილდებოდა. საღამოობით დედას ძლივს მიჰყავდა სახლში დასაძინებლად. ბავშვმა გადაატანინა კიდევ იმდენი ტკივილი. 

ზაქარიამ თქვა, თორემ, უმზითვოდ როგორ გაუშვებდა.
ისეთი მზითვი გაუმზადა, თავადს შეშურდებოდა. მარგალიტისთვლიანი გულსაბნევიდან დაწყებული, ოცი სული ცხვრით დამთავრებული.
ამბობენ, სამი ურმით მიჰქონდათ ოლიას მზითებიო.

ქორწილის წინა ღამეს. ოლია უმცროსი ძმის ოთახში შევიდა. რძლის ნამზითევი ლოგინის ქვეშ სამოვარი მონახა.
იატაკზე დადო და ხელი ფრთხილად გადაუსვა:
_ მეგონა შველს მისდევდნენ და ჩვენ მოგვკლეს...  ორივე... იმ ჭალაში...
კიდევ ერთხელ გადაუსვა თითები  და ოთახიდან ჩრდილივით გავიდა.
რძალმა სამოვარი ოლიას სამზითვოდ გამზადებულ სკივრში ჩადო და ზევიდან ჯამ-ჭურჭელი დააწყო.
ერთადერთი შვილს სასაფლაოს გზას რომ გაუყენებს კაცი,იმ ტკივილით გააცილა თვალებით ჯვრისდასაწერად ოცდაათი წლით უფროს, ქვრივ და მხრებში მოხრილ ქმარზე  მთელი თავით მაღალი ოლია.
გოგლა დედას აჰკვროდა ხმამაღლა ტიროდა:
_ რათ გაატანეს ოლია იმ მახინჯს, დედიიი, ჰა?!..  რათა?!
გააცილა და ზაქარიას გულში გულში კიდევ ერთხელ ჩაკვდა რაღაც.
ჩაკვდა უსიტყვოდ,ყველას დასანახად და სამუდამოდ.
„ეგრე მოუხდება მამის ურჩ შვილს“.  გაიმართლა თავი საკუთარ თავთან, მაგრამ ოდნავადაც ვერ უშველა გულში ლოდივით ჩადებულ ტკივილს.
არა და... განა მიგრიაულიაანთ ქვრივი ნიკასთვის ემეტებოდა თავისი ნალოლიავები გოგო?! .. იმ ეშმაკს რო არ გადაჰყროდა, ნიკასნაირი როგორ გაუბედავდა, შვილი ცოლად მომეციო?!
ოთხი მაზლი და ოთხი მაზლისცოლი დახვდა ოლიას ქმრის სახლში, თორმეტი ბავშვი,  ერთი თავის ქმრისა, ცხრა წლის კუტი სონკია და ავი დედამთილი, სოფლის ბებია-ქალი.
დედამთილს ოჯახში თავის კანონები ჰქონდა.იმის ნებართვის გარეშე, კატა ვერ გამოეკიდებოდა თაგვს. სახრე კარს უკან ჰქონდა  მიყუდებული და სულ ერთია, ვინ იქნებოდა, თუ ვინმესი რამე არ მოეწონებოდა, გადაჰკრავდა:
_ მე ეგრე გითხარი?!
რძლებს ეშინოდათ ავი დედამთილის. შვილებსაც.
_ რა დაჰყრილხართ დასიცხული ცხვრებივითა _ არ მოუწონებდა, თუკი ვინმეს დამჯდარს დაინახავდა.
ოლიას არც შენიშვნა მიუღია დედამთილისაგან, არც სახრე. მთელი დღე საქმიანობდა. შიშით კი არა, ისე!
_ ხვალ შენ გამააცხობ პურს _ ვახშამზე უთხრა დედამთილმა.
ეს იმას ნიშნავდა, რომ ვიდრე მამალი მესამედ იყივლებდა, ოლიას ცომი მოზელილი უნდა ჰქონოდა.
კახეთში არ შეიძლებოდა ახალ რძალს პური გამოეცხო ერთი წელი მაინც. მოყვანიდან ორმოცი დღის განმავლობაში კი ეზოს გარეთაც არ უნდა გასულიყო.
არც ბებიაქალებს ჰქონდათ პურის გამოცხობის უფლება.
ასეთი იყო კანონი.
ახლა კი უკვე  ოლიას  პურისცხობის დროც მოვიდა.
მხოლოდ ის ადარდებდა, რომ დედამთილი თავზე უნდა დასდგომოდა და ეყურებინა ცომის მოზელისთვის.
მამალმა მეორედ რომ იყივლა დედამთილი ლოგინიდან ადგა და რძალთან გავიდა.
ლოგინში არ დახვდა.
მარანში შეხედა. ოლიას ცომი უკვე მოზელილი ჰქონდა.
_ აი, შე შავი ძაღლისავ, უჩემოდ მოზილე, არა?! მამაჩემსა აქ ცხონება, სახრე არ აგცდება, ერთი კუტი თუ მაინც ამოგიღია თონიდანა !
ოლიას სახრე ასცდა.
_ კარგი პური გამოაცხე, ცხვარიაულო, კარგი! _  პირველი შემთხვევა იყო, დედამთილმა რომ ვინმე შეაქო.

ოლია, თავის ოთახში შევიდა. ნემენცთან ერთად ნაყიდი სამოვარი კომოდზე ედგა.
_ დღეს პური გამოვაცხე _ უთხრა სამოვარს.

ასე დაიწყო ოლიას ცხოვრება კახეთში მთიდან გადმოსახლებული მიგრიაულების ოჯახში.
გერი კარგი მოვლით ფეხზე დააყენა, მაზლებს გამოეყო.


იმის შემდეგ ერთი წისქვილის დოლაბი არ დატრიალებულა მის თავზე, თორემ, ცხოვრებამ არაფერი დააკლო, ყველა სიმწარე აჩვენა.
ორი შვილი მისცა ღმერთმა.
დედა ასაკში მშობიარობას გადაჰყვა. 
ობლად დარჩენილი ახალშობილი ძმა წამოიყვანა და შვილსა და ძმას ერთად აწოვა ძუძუ.
დედის წლისთავზე მამა დამარხა და, მამის ორმოცამდე უფროსი ძმა.
უკვე გვიან, კომუნისტებმა გააკულაკეს.
უმცროსი ძმა ტყეში შემოაკვდა მონადირეს.
შვილივით გაზრდილმა გერმა სხვარში თავი მოიკლა,უფროსი შვილი პირველმა მსოფლიო ომმა წაართვა, უმცროსი სათიბში წასული მკვდარი მოუსვენეს სახლში.
სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ასაკში სამი შვილიშვილი დამარხა, შვილივით გაზრდილი ძმა გველმა დაგესლა.
მერე ნიკაც მიიცვალა.
სიკვდილი ოლიას ცხოვრების წესად ექცა.

მხოლოდ ის იყო,გათხოვების შემდეგ არც გაღიმებული უნახავს ვინმეს და არც ატირებული.
უცრემლოდ მოსთქვამდა თავის მკვდრებს.
ცრემლიცა და ღიმილიც მთაში დამარხა ნემენცთან ერთად.

ასჩვიდმეტი წელი აყურებინა ცხოვრების სიმწარეს ღმერთმა !
ას ჩვიდმეტი წელიწადი.!
_ შენ რა გიჭირს, კარგათა ხარ _ ეუბნებოდა სამოვარს _ მაშინ წახვედი, როცა სიცოცხლე გიხაროდა. მე?!.. მოვდივარ და მოვტირი ჩემ წუთისოფელს... ცრემლი მაინცა მქონდეს, დარდს გამინახევრებდა.. სიკვდილს დავავიწყდი, ბიჭო!..სიკვდილს!..
მაგრამ ოლია სიკვდილს არ დავიწყებია.
როგორც იქნა, დაამთავრა თავისი წუთისოფელი.
თუ შეიძლება რომ ასჩვიდმეტი წლის სიცოცხლეს წუთისოფელი ერქვას.
დაამთავრა ისე, დედიას დარიგებისათვის არასოდეს გადაუხვევია, გარდა იმ ერთისა, ნემენცის სიყვარულისა.
ასი წლის განმავლობაში ყოველ შაბათს, კვირაძალზე თავის მიცვალებულებს სანთლებს უნთებდა.თავიდან ერთს ანთებდა, მერე ორს, მერე სამს და .. მერე ბევრს....
ბევრი ყავდა იმ ქვეყანაზე.
_ ღმერთო, ნათელში ამყოფე ჩემები!..  ღმერთო, აპატიე მამაჩემს, რო ადგა და ამ გიჟ მიგრიაულებს მიმცა !.. რას გვემართლებოდნენ ?!
სამოვარი უსმენდა.

. . .
ანიმ იმ ღამით უცნაური სიზმარი ნახა.
კოცონთან, რომელიც გიგამ დაანთო, ახალგაზრდა ქალი იჯდა, ანის უყურებდა და ნაწნავების ბოლოებს ნერვიულად აწვალებდა.
_ ვინ ხარ?! _ ჰკითხა ანიმ.
_ მე ოლია ვარ. ეს ჩემი სახლია _ უთხრა ქალმა.  _ შენ ვინ ხარ?
_ ანი._ უპასუხა ქალს და ფეხზე  წამოხტა.
_ იჯექი, სტუმარი ღვთისაა !_ უთხრა ქალმა ისევ ადგილზე დასვა. _ რა ლამაზი ხარ !
_ ვითომ ?! _ გულუბრყვილოდ ჰკითხა ანიმ.
_ ხო, ლამაზი ხარ.
_ შენც ლამაზი ხარ _ უთხრა ანიმ.
ქალი მართლაც ძალიან ლამაზი იყო.
_ გიყვარს ?
ანი მიხვდა, ქალი გიგაზე ეკითხებოდა.
_ ხო, მიყვარს.
_ სიყვარული უბედურებაა
_ არა, ბედნიერებაა _ შეედავა ანი.
_ სილამაზეც უბედურებაა _ გააგრძელა ქალმა _ მეც ლამაზი ვიყავი.
_ ახლაც ლამაზი ხარ.
_ არა, მაშინ უფრო ლამაზი ვიყავი. ცოცხალი და ხორცშესხმული, ჩემი შეხება შეიძლებოდა.
_ ახლა ვინ ხარ?! _ გაუკვირდა ანის.
_ ახლა სული ვარ, აჩრდილი. ამ კარ-მიდამოსა და ამ სამოვარს ვპატრონობ...
_ ეს სამოვარი შენია?
_ ხო, ჩვენი.
_ ვინ თქვენი?!
_ ჩემი და ნემენცის... ჩემ მოქსოვილ ფარდაგზე გადავცვალეთ. მერე ის ფარდაგი იცნეს და... _ ქალი გაჩუმდა.
_ ვინ იცნო?
ქალი ფეხზე ადგა. აწრიალდა.
_ ერთმა ჩვენებურელმა კაცმა, პატარძეულელმა... მერე ჩვენებს უთხრა და... ჭალაში მოკლეს.
_ რატომ მოკლეს, რა უნდოდათ?!
_ მოჯამაგირე იყო ჩვენი და არ შეიძლებოდა. მამის უკითხავად გავყე.
_ გიყვარდა?
_ ეხლაც მიყვარს _ უთხრა ქალმა თვალები ცრემლებით აევსო.
_ ახლა რამდენი წლის ხარ?
_ უჰ, რაღა მახსომს !
_ მაშინ რამდენი წლის იყავი ?
_ ჩვიდმეტისა _ უთხრა ქალმა _  მოკლეს და ნიკას მიმათხოვეს ძალით...  მარტო მეზობლიაანთ გოგლა ტიროდა ჩემზე, ლეონიძიაანთი. იმის ხმა ეხლაც ყურებში მიდგა.
_ გოგლა ლეონიძე?! _ გაუკვირდა ანის.
_ შენც იცი ?
_ გოგლა ვინ არ იცის.
_ ხო. ამბობბენ დიდი კაცი გახდაო.
_ მერე?
_ მერე გამათხოვეს და ამ სახლში ვცხოვრობდით.
_ ახლა მასე აღარ არის _ სინანულით უთხრა ანიმ _ ვისაც გინდა, იმას გაჰყვები ცოლად. აი, ახლა რომ გეცხოვრათ...
_ რას ამბობ ?! _ გაბრაზდა ქალი და ფეხზე წამოდგა. ვისაც გინდათ, იმას რომ მიჰყვებით ცოლად, იმიტო აღარ იცით სიყვარული. ხან ერთი გიყვართ ეხლანდელებს და ხან მეორე. მე ასი წელიწადი მიყვარდა... ასი წელიწადი ამ სამოვარზე ვეძებდი იმის ნათითურებს და ასი წელიწადი სანთლებს ვუნთებდი. იმის მაგივრად ამ სამოვარს ველაპარაკებოდი ცოცხალივით... ასი წე-ლი-წა-დი _ დამარცვლით უთხრა ქალმა _ სიკვდილის შემდეგაც მიყვარს... თქვენ არ შეგიძლიათ ერთი ადამიანის სიყვარული ასი წელიწადი...
_ ჩვენ ასი წელი უკვე აღარ ვცოცხლობთ _ თავი გაიმართლა ანიმ.
_ იმიტო აღარ ცოცსლობთ,რო სიყვარული არ შეგიძლიათ._ ნიშნისმოგებით უთხრა ქალმა.
_ მე შემიძლია. მეც დიდი ხანია მიყვარს.
ქალმა დიდხანს უყურა ანის, ძალიან დიდხანს:
_ კარგია, თუ შეგიძლია. _ უთხრა ბოლოს.
_ დღეს დავქორწინდით, დილით _ და ანიმ რატომღაც ინანა, ეს რომ თქვა.
მაგრამ ქალს თვალები გაუბრწყინდა:
_ დღეეს?!
_ ხო, მაგრამ არც ქორწილი გადაგვიხდია და არც საქორწინო კაბა ჩამიცვამს.
_ თუკი გიყვარს და ცოლად გაჰყე, შენი კაბაც ეგ არი და შენი ქორწილიც... მე ჩითის კაბა მეცვა, როცა წავედით, მაგრამ ქვეყანა ჩემი მეგონა... მერე კი ყველა დავმარხე, ვინც მიყვარდა... ყველა, იმის გარდა.. ის ჭალაში დავტოვე.
ანის არ უკითხავს  რატომო.
_ ახლობლების სიკვდილი უბედურებაა.._ თანაგრძნობით უთხრა ანიმ.
_ სულში ჩადებული ლოდის ტარებაა უბედურება და უცრემლოდ სიცოცხლე... ამან გადამატანინა _ სამოვარზე ანიშნა.
_ ძალიან ლამაზი სამოვარია ! _ თქვა ანიმ.
_ მართლა მოგწონს?! _  ისევ გაუბრწყინდა თვალები ქალს.
_ ძალიან, ძალიან ლამაზია.
_ გაჩუქებ, შენი იყოს.
_ არა, რას ამბობ !..
_ მარტო მე და მაგას გვახსოვს ნემენცი... წაიღე _ ქალს ისეთი თვალები ჰქონდა, ანიმ უარი ვეღარ უთხრა.
_ კარგი, წავიღებ!.. ქმარი არ შეგიყვარდა?
_ არააა!  ადამიანს ერთხელ უნდა უყვარდეს.. თანაც კიდე, ჩემზე ოცდაათი წლით დიდი იყო.
_ მეც სხვა ვერავის სიყვარული შევძელი, გარდა გიგასი.
ქალი გაკვირვებული უყურებდა ანის:
_ ეგ როგორ არი, არ ვიცი. მერე დაფიქრდა _ მე სიხარულის უფლებაც არ მივეცი ჩემ თავს. სიხარულიც ავუკრძალე... ღმერთის სიყვარულიც დამავიწყდა... იმიტო მომიკლეს... მაშ გიგას გარდა არავინ შეგიყვარდა არა?! მაშ გინდოდა ვინმე შეგყვარებოდა და ვერ შეიყვარე, არა?! _ გაიცინა ხმამაღლა.
ანის შეეშინდა. სახლიდან გასვლა უნდოდა, მაგრამ ქალი კართან იდგა და ხარხარებდა.
_ გიგააა!!!
_ გიგაა!!!
_ გიგააა!!!
_ რა მოგივიდა, აქ ვარ. _ გამოეპასუხა გიგა და კარში შემოვიდა.
ანი საძილე ტომრით წამომჯდარიყო და შიშისაგან ტომარას ვერ ხსნიდა.
_ გიგა!
_ რა გაყვირებს, რა დაგემართა?! _ გიგამ საძილე ტომარა გახსნა.
_ ცუდი სიზმარი ვნახე !
_ კარგი, დაწყნარდი, მასეთი რა ნახე?!
_ ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე.
_ სიზმრის შეგეშინდა?!
_ ამ სახლის დიასახლისი ვნახე!
_ მომკლა შენმა წარმოსახვის უნარმა ცხადში თუ სიზმარში!
_ სამოვარი მაჩუქა.
_ მითუმეტეს, ! _ გაიცინა გიგამ _ სამოვარიც უჩუქებია.
_ შემეშინდა.
_ ნუ გეშინია. დღეა, ცოცხლები ვართ შეშა მოვიტანე, ჩაის გიდუღებ.. და ასე შემდეგ, როგორც ტექსტშია.
_ შენი ხმა რომ გავიგე, მაშინვე დავმშვიდდი.

_ იცი რა, გიგა? მე მგონი ჩვენს „მისიას“ არხოტში ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა, ის ქალი რომ გამეცნო. ოლია და ეს სამოვარი ეჩუქებინა.
_ გადი, დაიკარგე აქედაან! _ გაიცინა გიგამ.



იმ ღამით მიგრიაულების სახლს ლანდი მიადგა.
_ ცხვარიაულოოო!  ცხვარიაულოოო!!! დაიძახა ხმადაბლა.
_ მობრძანდი,რძალოო!!! _ გამოეხმაურა ცხვარიაანთ ქალი.
_ არა, ოლი, შემოსასვლელად არა მცალიან !  შენი სტუმრების ამბავი მინდოდა მეკითხა, როგორ არიან?
_ სახლში მობრძანდი, კურდღელაურო!  გზიდან სტუმრის კითხვა ვის გაუგია?!
კურდღელაური სახლში შევიდა.
_ ცეცხლი ჩამქრალა.
_ ხო, ჩაქრა! წავიდნენ და მა ცეცხლს რა მოუვიდოდა?! _ უპასუხა გაბრაზებულმა.
_ საით წავიდნენ, ოლი?
_ თავისი გზა ჰქონდათ... თავისი გზა! _ მერე დიდხანს ფიქრობდა ჩამქრალ კოცონთან.  _ წავიდნენ...  ის ბიჭი პაპასა ჰგავ, არა?
_ ჰო, ჰგავ.. ძალიან !...  რათ გაუშვი, ოლი, ხო ხედამ რო ჟინჟლამს?!  წვიმის დროს მთაში სიარული საშიშია.
_ არაფერიც არ დაემართებათ! ეგენი ისეთები არიან, რო!...  კარგები არიან. _თქვა ბოლოს.
_ მეც ეგრე ვიფიქრე.
_ სამოვარი გავატანე...
_ რათა, ოლი, აღარ გინდოდა?!
_ მოეწონა და გავატანე... ისიც მოვუყევი...
_ რა ის?
_ აი, ის... ნემენცი რო მიყვარდა...
_ რათა, ოლი?!
_ მინდოდა ვინმესთვის მეთქო... დავიღალე ტარებით... პატარა ხო აღარა ვარ ?! ...
_ რო ვინმეს უთხრას?
_ უთხრას და უთხრას რა! .. რა ვქნა?! _ თქვა ოლიამ _ ხო იყო და!


... და იმ ღამით ღრუბლებში გახვეული მთვარე  იყო ისეთი ლამაზი, როგორც აბრეშუმის  ჭია ცახზე  ახლადდაწყებულ პარკში.


იხ. ილუსტრაციებში ჟადენის პოეტური ხელებით მოქსოვილი თუშური ჩითები. :)
და ჭანანას მორთმეული სამოვარი. :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები