ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2011


ბედუინი (ნაწილი I საჰარა)

                                       
                                                                                                            “მაჩუქე ბედუინს წყალი და იმედი!”
                                                                                                                     
                                                                                                                                                    ზურაბ დემეტრაშვილი


                                                                                      ნაწილი I.  საჰარა
                               


                                              ძველი დროიდან არაბეთში არსებობს მოარული ლეგენდა ჯადოსნურ ცხენებზე,
                                              რომელიც  გვიამბობს, რომ ისინი ქვიშიდან, ღამის ციდან და თავისუფალი
                                              ქარებიდან  იბადებიან,  უსაზღვრო  უდაბნოს შუაგულში  ბინადრობენ და მათთან
                                              შეხვედრა  მოკვდავისთვის დიდი  გამართლებაა...მაგრამ ისინი არავის იკარებენ...
                                              მათი სახლი - უდაბნოა, მათი ბედისწერა - თავისუფლება.   
                                             
                                                                                                                                                                                     
     
თავზარდამცემად ლამაზი და ვერაგი ოქროს საჰარა....

იმ ღამეს უდაბნოში ვათენებდით...
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს მეორე დილით დიუნებზე მოტოციკლებით, კვადროციკლებით, სერფინგებით და დელტაპლანით  ქროლა ელოდათ. სიამოვნებით იცინოდნენ და ემზადებოდნენ, გამომშრალები, დაღლილები, ქვიშით მოფენილი, ბედნიერი სახეებით ისხდნენ ცეცხლის გარშემო  და წინასწარ აწყობდნენ ხვალინდელი დილის გეგმებს.

მე მხოლოდ კვადროციკლზე თუ გავბედავდი რამეს...

        უბრალოდ საჰარა მინდოდა... ძალიან მინდოდა. მართლა ჰგავს ზღვას და ოკეანეს ეს უდაბნო... ოქროს ტალღებიან შეჩერებულ ოკეანეს, რომლის ზედაპირზეც ფეხით სიარული შეიძლება. ოღონდ ერთი რამ უნდა ინატრო, - არ აღელდეს.
        ამ უზომო და უსასრულო სამყაროში, რომელიც ჩვენთვის იმ წამს საჰარიდან იწყებოდა, ისე ვეყარეთ ათიოდე ადამიანი, როგორც ქვიშის მარცვლები ამ უკიდეგანო უდაბნოში.

        საჰარა ვერც კი გვამჩნევდა... ჩვენ მისთვის არც კი ვარსებობდით.

    ეს ჩემი პირველი და თანაც დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო.
იმ წელიწადს უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, დედაჩემმა და ჩემმა ძმამ, გაზაფხულზე სამი თვით ეგვიპტეში გამიშვეს იმ პირობით, რომ ბიძაჩემთან ვიცხოვრებდი და მისი ნებართვის გარეშე „ფეხს არსად გადავადგამდი“. ბიძაჩემი,  მეათე წელი იყო, რაც  ეგვიპტეში მუშაობდა და მხოლოდ  ზაფხულობით, ორიოდე კვირით ჩამოდიოდა თბილისში ოჯახის სანახავად.

          რაკი თბილისიდან პირდაპირი ავიარეისი არ არსებობდა, კაიროში  სტამბულის გავლით უნდა ჩავსულიყავი. ფრენამ ღამით მომიწია. მთელი გზა ბოინგის ილუმინატორზე ვიყავი მიკრული, მაგრამ მხოლოდ  მთვარეს და ვარსკვლავებს ვხედავდი.  ღრუბლების  გრეხილი,  ფუმფულა საბანივით ეფარა დედამიწას და არაფერი ჩანდა.
        კაიროში  იქაური დროით, ღამის ათ საათზე ჩავფრინდი.

ფეშენებელური და მბრწყინავი აეროპორტის გასასვლელში ვახოს გაღიმებული სახე და მაღლა აწეული ხელი რომ დავინახე, დაღლილობა სულ გადამავიწყდა და ჩემი ბარგიანად  სიხარულით გავქანდი მისკენ. ამდენი ჯურის ერთად თავშეყრილი ხალხი მანამდე არასოდეს მენახა.  აეროპორტის მოსაცდელი  უცნაურად ჰგავდა ბაბილონის გოდოლს "ენაჭრელი" და გაუჩერებლად მოფუსფუსე ადამიანებით და ამ ორომტრიალით თავბრუდასხმული, ამ გოდლის შესასვლელში ვახოს გამოჩენამდე  უილაჯოდ ვყურყუტებდი.

          ვახო, ახალგაზრდა,მხიარულთვალებიანი მცხეთელი  კაცი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სტუდენტი, სწავლის გასაგრძელებლად კაიროს უნივერსიტეტში სტუდენტობაშივე გადავიდა და არაბული ფილოლოგიის დოქტორიც იქ გახდა. მისი მეუღლე, მაკა, პროფესიით თურქოლოგი, თურქეთში, საქართველოს საელჩოში მუშაობდა, ხოლო ვახო, კაიროს უნივერსიტეტის ოცდაათი წლის პროფესორი, ეგვიპტის საქართველოს საელჩოში ბიძაჩემის რეფერენტი და მარჯვენა ხელი იყო.

        ჩემი ნახვით გახარებული ბიძაჩემი  რამდენიმე დღე გვერდიდან არ მომცილებია, ათას წვრილმანს მეკითხებოდა, თავადაც უამრავ რამეს მიყვებოდა და კაიროს პირადად მათვალიერებინებდა.
მონუსხული შევჩერებოდი ქვაში დარჩენილ ისტორიას, ვუყურებდი  ისტორიის წიგნიდან "გაცოცხლებულ"  პირამიდებს, სფინქსს და ნილოსს, ლუქსორის  ციხე-დარბაზებს, სადაც ბიბლიური მოსე ფარაონის უფლისწულად იზრდებოდა. ვგრძნობდი რომ დრომ, ჩემს შეგნებაში უკან გადაიწია და „ჩვენს წელთაღრიცხვამდე" რომელიღაც საუკუნეების დათვლას შეუდგა.  ისეთი შეგრძნება მქონდა. თითქოს ათობით საუკუნე დროში  უკან გავიარე და ახლა  კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისთან ვიდექი.

      ...მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ავწუწუნდი. ბიძაჩემი სტამბულში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრაზე გაემგზავრა და ვახო "მეთვალყურედ  დამინიშნა“, ის კი ჩემთვის  ვერ იცლიდა და  გარეთ ვეღარ გავდიოდი.

          ერთ დღესაც, სადილზე, ვახომ გამომიცხადა, რომ მავრიტანიაში საქმეზე მიდიოდა და მე, მის დაბრუნებამდე  სახლიდან ფეხიც არ უნდა გამედგა. კარგა ხანს  ვეხვეწებოდი თან წავეყვანე,  მაგრამ სასტიკ უარზე იდგა. მეუბნებოდა,  რომ გზაში გავწვალდებოდი,  პატარა თვითმფრინავში ჰაერის ტალღის ყველა დარტყმა საშინლად იგრძნობოდა და ფრენას მიუჩვეველს, გამიჭირდებოდა მოკლე დროში ორი მიმართულებით მგზავრობის ატანა. „აზრზე მოსასვლელად“  მთელი კვირა  მაინც დამჭირდებოდა და „დღეებს დავკარგავდი". თანაც მავრიტანიაში  სანახავიც არაფერიაო - მიმტკიცებდა.  უკვე იმედიც აღარ მქონდა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა:

      - გაემზადე, პატარა ჩანთა ჩაალაგე, თავსაფარი და  პასპორტი არ დაგრჩეს,  მსუბუქად ჩაიცვი და შარვალი არ დამანახო, მე ბილეთს შევუკვეთ, მინდა ილუმინატორთან დაგსვა.  შენთვის დიდი სიურპრიზი მაქვს, იქნებ ღირდა კიდეც ამად- შენი აჩემება. ოღონდ,  უკან  დღესვე უნდა დავბრუნდეთ.  ქალაქის დათვალიერებას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ გულდასაწყვეტი  არაფერია, მთავარი სანახავი სწორედ გზაშია. მანქანაში დაგელოდები. - თვალი ჩამიკრა ვახომ და კარისკენ გაემართა.

      სიხარულისგან  ჩემი პატარა ოთახი ცეკვა-ცეკვით ჩამოვიქროლე, ჩანთა საწოლზე დავაგდე და ყოველ ახალ  საცეკვაო  წრეზე შიგნით ტანსაცმელს ვისროდი. თეთრი ზედატანი,  მსუბუქად ნაქსოვი ჟაკეტი,  აბრეშუმის დიდი თეთრი თავშალი, კეპიანი ქუდი, მზის სათვალე, ყოველი შემთხვევისთვის -  მცირე კოსმეტიკის ბუდე, პასპორტი და დედის ნაჩუქარი, ჩემი განუყრელი „ტიმბერლენდის“ ფეხსაცმელები ერთმანეთის მიყოლებით მიფრინავდნენ ჩანთისკენ და შიგნით ჯადოსნურად უჩინარდებოდნენ.
 

მალე, პატარა ბოინგის წრიული ფანჯრიდან ვუცქერდი, როგორ მიცურავდა  ჩემს ქვეშ დედამიწა, ლიბია, ალჟირი და  მაროკო. ქალაქები მსხვილი მძივებივით იყო ასხმული, სოფლები ისე იყო მოპნეული დედამიწაზე როგორც  ბისერის  წვრილი თვლები.
     
სამი საათის ფრენის შემდეგ ავიალაინერი მარცხნივ დაიხარა. თვითმფრინავი მარცხნივ უხვევდა. დედამიწამ ჰორიზონტზე ელიფსის ფორმა მიიღო. მე ახლა უკვე ჩემი თვალით ვხედავდი რომ დედამიწა ნამდვილად მრგვალი და  სულისშემხუთავად ლამაზი იყო.

        მძაფრად ვიგრძენი,  რომ  ძალიან დიდი გაუგებრობა იყო საზღვრები, კანონები, „რაღაც წესები“, რასაც ადამიანები იგონებდნენ საკუთარი ცხოვრების ჩარჩოებში მოსაქცევად. სრულიად ზედმეტი მეჩვენა ციდან - ადამიანების მიერ გამოგონილი ათასგვარი უცნაურობა, რომელიც მხოლოდ მიწაზე არსებობდა.  ცა კი, დიდი უსასრულო და ცისფერი სივრცე, სადაც მხოლოდ მზე და მთვარე ბატონობდნენ, თავისუფალი იყო ყოველგვარი საზღვრებისაგან და  კანონებისაგან.
      ცა ყველასი იყო...

    - ჩვენ ახლა მავრიტანიის თავზე მივფრინავთ,- გამოაცხადა სალონში  კაპიტანმა, - ათ წუთში მარცხენა მხარეს გამოჩნდება ბუნების ერთ-ერთი საოცრება „საჰარას თვალი“. ის კარგად ჩანს თვითმფრინავის ორივე მხრიდან, ამიტომ მგზავრებს ვთხოვ ადგილებზე დარჩნენ".
        მე თვალებად ვიქეცი და ილუმინატორს ავეკარი.  ამგვარი რამ გაგონილიც კი არ მქონდა.
      „საჰარას თვალი“, ნეტავ რა უნდა იყოს... ან როგორი... რამდენი რამის დანახვა შეიძლება თურმე ციდან“...

      კაპიტნის გაფრთხილების მიუხედავად  სალონის მარჯვენა მხრიდან ზოგიერთმა მარცხენა მხარეს დაიწყო  გადმოსვლა. ჩემს ილუმინატორთან არავინ მოსულა, ისე მქონდა სახე მიჭყლეტილი ზედ, მიხვდნენ ადგილს არავის  დავუთმობდი.

    მალე, ჩემს თვალწინ უცნაური ლანდშაფტი გადაიშალა.  ზურგს უკან აღფრთოვანების თავშეუკავებელი შეძახილები მომესმა....

    დედამიწიდან, ლურჯად მიმზერდა ადამიანის მარცხენა თვალი.  "წარბით" შემოსაზღვრული  "გუგის" კონტური ზუსტად იმეორებდა ადამიანის თვალის მოხაზულობას.  ყველაზე საოცარი, თვალის მოლურჯო ფერი იყო. გუგა კი რვა, ერთმანეთში ჩალაგებული წრით იყო შეკრული.

      „თვალი“ -  დიამეტრით სავარაუდოდ ორმოცდაათი კილომეტრი იქნებოდა და ყველაზე დიდი, ლურჯი გარეთა  წრით იწყებოდა. ცენტრში სრულიად იდეალური წრე იყო, რომელსაც ერთ ადგილას რკალივით გასდევდა სილურჯე. ციდან პირველად ისე ჩანდა, თითქოს  წრეები ტერასებივით იყო განლაგებული და ყოველი მათგანი წინაზე მაღლა იდგა, როცა ცოტათი მივუახლოვდით,  კონტურები უფრო გამოიკვეთა და ქვიშის ვეებერთელა გუბეს დაემსგავსა, თითქოს მასში ჩავარდნილ მსხვილ წვეთს  წრიული ტალღები გაეშალა და  მოძრაობაში ჯადოსნურად გაყინულიყო.
          ასეთი საოცრება თუ შეიძლებოდა ყოფილიყო საჰარას უდაბნოში, ვერც წარმომედგინა...
          აი თურმე რა იყო ვახოს სიურპრიზი.

        - ეს რა არის? რა სასწაულია? საიდან გაჩნდა ეს უცნაური ადგილი? -ზედიზედ ისმოდა კითხვები სალონში.
        - მე გეოლოგი ვარ და შემიძლია ამ ადგილზე ბევრი რამ გიამბოთ. - ინგლისურად ალაპარაკდა ჩემს ზურგს უკან ერთი მაღალი და ლურჯთვალება კაცი.
          მის წინადადებას აღფრთოვანებით შეხვდა მთელი სალონი.

        - მაშ ასე, - დაიწყო გეოლოგმა, - „საჰარას თვალი“ გეოლოგიაში ცნობილია როგორც რიშატის სრტუქტურა, ანუ „Guelb er Richat.“  ის რგოლისებრი გეოლოგიური წარმონაქმნია, რომელიც საჰარის უდაბნოში მავრიტანიის ერთ-ერთი ქალაქის, უადანის ჩრდილო-აღმოსავლეთით,  ოციოდე კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ბერბერები ამ ქალაქს „სწავლულთა ქალაქს“ ან „პალმების ქალაქს“ ეძახიან, რაც უნებურად იერიქონს მოგაგონებთ. ეს ადგილი კოსმონავტებმა აღმოაჩინეს ათას ცხრაას სამოცდახუთ  წელს და დღემდე  მას დედამიწიდან კოსმოსში მომზირალ თვალი ჰქვია. დიდი ხნის განმავლობაში "საჰარის თვალი"  ასტრონავტებისთვის მთავარი ორიენტირი იყო კოსმოსის საფრენი ორბიტიდან, რადგან საჰარას ერთფეროვან და უდაბურ სივრცეში მხოლოდ ისაა საუკეთესო ხილვადი ობიექტი.

      უწინ მიაჩნდათ,  რომ „საჰარის თვალი“  მეტეორისგან წარმოშობილი კრატერი იყო და პლანეტა „ფაეტონის“ აფეთქებით გახლეჩილი ნაწილის დედამიწაზე დაცემის შედეგად გაჩნდა. ივარაუდება რომ მაშინდელი კატასტროფების ჯაჭვმა მოიცვა ტრაექტორია, რომელიც ამერიკაში - ტიტიკაკას ღრმულზე, აღდგომის და კანარის კუნძულებზე, „საჰარას თვალზე“, ძველ ახეტატონზე, იერიქონზე, სოდომ-გომორზე და პაკისტანში - „მოჰენჯო დაროზე“ გადის.  მაგრამ მისი ფსკერი ბრტყელია და ეს მოსაზრება ვერ გამართლდა. იგი  არც  ვულკანური ამოფრქვევის წარმოშობის  შედეგია, რადგან  გუმბათი არ აქვს. "თვალის" ფერადი გარსის რგოლები - უძველესია და ჩვენი გამოთვლით ხუთასი ან ექვსასი მილიონი წლისაა. "თვალის" სილურჯეს იწვევს წრეებზე  „მობნეული“  ლაზურიტის ქანები.
         
ასეთ ადგილებს დედამიწის ჭიპს ეძახიან და მათი რეალური წარმოშობის ისტორია დღემდე გაურკვეველია.

მაგრამ...ამჟამად, ერთ-ერთმა  ფრიად სწავლულმა არაბმა გეოლოგმა, რომელიც უდაბნოში ბედუინივით ცხოვრობს,  წამოაყენა  ახალი მეცნიერული მოსაზრება საინტერესო დასაბუთებით. მისი აზრით „საჰარას თვალი“  დიდი კოსმოსური ელექტრო-მაგნიტური განმუხტვის შედეგი უნდა იყოს,  ისეთივე, როგორც „ტუნგუსკის დიდი აფეთქება“.
სწორედ ამ ახალი ვერსიის შესასწავლად  მივემგზავრები მავრიტანიაში და „საჰარას თვალის“ გამოკვლევაზე ჩამოსულ ექსპედიციას ნუაკშოტში უნდა შევუერთდე.  - დაასრულა გეოლოგმა სათქმელი.

        -არა და როგორ ჰგავს მფრინავი თეფშის დაჯდომის ადგილს. რომ აფრინდა ალბათ ყველაფერი დაადუღა. ნაპირებიც ისეთი აქვს რომ სხვას ვერაფერს იფიქრებ.  - გაიცინა ვიღაცამ.
     
      ვახო ჩემი განცვიფრებული სახით დაუფარავად ტკბებოდა.

    - იცი?!  საქართველოში ინახება დოკუმენტის ასლი, რაც დათარიღებულია ხუთი საუკუნის წინ და მასში მოხსენიებულია პლანეტა მარსთან, კიდევ ერთი ვარსკვლავის, უცნობი პლანეტის არსებობის შესახებ. ეს ვარსკვლავი პლანეტა „ფაეტონი“  იყო,  კრეტის კატაკლიზმის დროს აფეთქდა და მისმა აფეთქებამ წარმოუდგენელი კატასტროფა გამოიწვია. ჰაერის ტალღამ აფრიკის კონტინენტის ამ ნაწილზე ყველაფერი წალეკა და საჰარას უდაბნო  სწორედ ამ კატასტროფის შედეგად გაჩნდა. - იდუმალი ხმით მითხრა ვახომ.
 
          ჩუმად ვიჯექი და ნანახზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი ძველი ელინების მითზე ფაეტონის შესახებ და იმაზეც, რომ ამ პლანეტის აფეთქების თარიღი უცნაურად ემთხვეოდა წარღვნის დაწყების თარიღს. თვალწინ მედგა საჰარას ულამაზესი პეიზაჟი და მაშინ გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, აუცილებლად და ყოველ მიზეზგარეშე, საჰარას უნახავად ეგვიპტიდან არ წავსულიყავი. სერიოზულად დავფიქრდი იმაზე, ხომ არ შევცდი პროფესიის არჩევაში და ხომ არ ჯობდა გეოლოგი, ან სულაც გეოფიზიკოსი გავმხდარიყავი-თქო,  მაგრამ რომ გამახსენდა ჩემი და მათემატიკის "ურთიერთტრფიალი", გამეღიმა და ფიქრი შევწყვიტე.       

      რა თქმა უნდა, ბიძაჩემთან საჰარაში გასეირნებაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ის, ამ უდაბნოს, ყველაზე უფრო იდუმალ, ამოუცნობ, მოულოდნელობით  სავსე, სახიფათო  და მისტიკურ ადგილად თვლიდა მთელი დედამიწის ზურგზე. ამიტომ, ჩემს ჩანაფიქრზე ვახოსთვისაც კი არაფერი მითქვამს.

ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, დილა ადრიან, ჩემს საწოლზე ბარათი დავტოვე,  მცირე საგზლის, ორასი ამერიკული დოლარის და ერთი ხელი სამოსის ამარა სახლიდან უჩუმრად გამოვიპარე. კაიროს ეროვნული მუზეუმის წინ შეკრებილ "საფარი-ტურის" მონაწილეებს გამოცდილი ბაიკერივით შევუერთდი, ფული ინსტრუქტორს მივაჩეჩე და სანამ რამეს მეტყოდა, ჯიპში შევძვერი და უკანა სკამზე ფანჯარასთან მოვიკალათე.
              ...
        ახლა კი, საჰარაში ვიდექი და ასრულებული ნატვრით მოგვრილ ბედნიერებას ბოლომდე განვიცდიდი.
ყოველი აქ გატარებული წამი მარწმუნებდა, რომ ასრულებულ ოცნებას არასოდეს  ეკარგება ნატვრის თავდაპირველი ხიბლი.   

    ჩვენი ბანაკი მაღალი დიუნის მოსწორებულ წვერზე იყო გაშლილი. ბიჭები „ბირათ ფაიდერ-ჰას“ ითხოვენ, ღია ფერის ლუდს. იცინოდა ჩვენი გამოცდილი გამყოლი, მუჰამად ბეი, „დრანდიი“ გირჩევნიათ... კონიაკიო, მალე აცივდება და გაგათბობთო... ყველა მხიარულობდა, თან კაცები მაღალ დიუნს  ჩუმჩუმად  თვალით ზომავდნენ. მოტოციკლებით აპირებდნენ დილაადრიან დაშვებას ქვიშის მთებიდან...

      ქვიშა თითქმის ცხელი იყო.  ზღვისპირას,  შუადღის  მზისგან გადახურებული, - ფეხისგულზე რომ  სასიამოვნოდ რომ "გკბენს" თითქმის ისეთი...

      ერთი ბოთლი წყალი ავიღე,  ჩემი ბასრი, ორლესული დანა  ბუდიანად გულის ჯიბეში ჩავიცურე, მამისეულ საათზე პატარა კომპასს დავხედე,  სიგარეტი და სანთებელა მოვსინჯე და ბანაკს გავერიდე.
          - ჰეი ნი’ლნა,  - გამომძახა გამყოლმა,  - ჯერ ადრეა, მაგრამ ორ საათში  აცივდება და არ ჩაგეძინოს...  - თანაც  ხელით მანიშნა, თუ შეგცივდა, ცეცხლთან გადმოინაცვლეო. მუჰამედი, ჩვენი გამყოლი, ენას უკიდებდა და ჩემს სახელს ასე უცნაურად გამოთქვამდა.
          - ისმი ნინა მუჰამედ! ნინა, ნი-ნა! -მთელი გზა ვუსწორებდი.-  ნინა მქვია მუჰამედ! ნინა, ნი-ნა!
          - ნი’ლნა, ნი’ლნა! - იმეორებდა ჯიუტად და  მაღლა აშვერილი ცერა თითით მიჩვენებდა ასე უკეთესიაო.  მართლაც ჩემი სახელი მისი ენა-მოკიდებული არაბულით მოფერებასავით ჟღერდა, ჰოდა მოფერებაზე ვინ იტყვის უარს?..თანაც მთელმა ჯგუფმა მხარი აუბა, ყველა ნი’ლნას მეძახდა და მეც მალევე დავანებე მუჰამედის წვალებას თავი. 


        ერთ, შედარებით პატარა დიუნის  წვერზე, ყოველი შემთხვევისთვის წამოღებული ჩადრი გავშალე, ზედ გულაღმა გავწექი და ზეცას შევაცქერდი. მხრებს და ზურგს სასიამოვნოდ მიკაწრავდა სითბო.... ხელისგულებში ქვიშას ნელა ვაგროვებდი და  თითებიდან წვრილ ნაკადულებად ვუშვებდი. 
        უდაბნოს ქვიშაზე თავს სამყაროს ქვიშად ვგრძნობდი.

ყველა დიუნის თავი ჰორიზონტი იყო...  მეც, ერთ-ერთი დიუნის თავზე გაწოლილი, -  ახლა თავად ვიყავი ჰორიზონტი.

        მზე სულ გადაიხარა  და უდაბნოს ზღვაში ჩაიძირა... საჰარაში ღამე იწყებოდა...  მოსარკულმა ზეცამ  კარი მოიფრიალა და უამრავი ვარსკვლავი კოსმოსური ქვიშასავით მოაფრქვია ციურ უდაბნოზე. მილიარდობით მოკიაფე სინათლე შავი კოსმოსის თვალუწვდენელ სიღრმეში გაიფანტა...

        დიდი დათვის თანავარსკვლავედი, პატარა დათვთან ერთად, უკუღმა იდო ცაზე. ახლა კუდის მხარე ჩემკენ ჰქონდათ მოქცეული... ორიონის თანავარსკვლავედისკენ მივაწვდინე მზერა. მახსოვდა საქართველოდან როგორ მოჩანდნენ. ახლა ვერც კი ვცნობდი, გვიან ვიჭერდი თვალით ნაცნობ სილუეტებს. საჰარიდან არაბული ნაწერივით სულ შებრუნებულად იცქირებოდნენ და უკუღმა იკითხებოდნენ.     
        დიდ სიმშვიდეში ჩავიძირე. არაფერი იძვროდა, არც ქვიშა, არც ვარსკვლავები, არც ჰაერი, არც მე.

ბანაკის ხორხოცი მინელდა. კონიაკმა და „ბირათ ფაიდერ-ჰამ“ თავისი ქნა. ცეცხლიც კი არ ტკაცუნობდა, ჩირაღდანივით ყვითლად და ჩუმად გიზგიზებდა დიუნის წვერზე.  მთვარე ნელ-ნელა კაშკაშდებოდა. სულ სხვანაირი იყო საჰარას ვეებერთელა მთვარე, სულ სხვანაირი... ნამტირალევი ქალის ჩაშავებული თვალებით,  გაბუტული და  მარტოხელა.

        -  „ლაილაჰ  ჯამილა“ - მომესმა შორიდან გამყოლის ხმა, ლამაზი ღამეაო - არაბულად ამბობდა.
ნელ-ნელა აგრილდა, ქვიშა ჯერ კიდევ ცხელი იყო და ცეცხლთან დაბრუნებას არ ვჩქარობდი. უსასრულოდ შემეძლო ჰორიზონტზე წოლა და ღამეული ცის თვალიერება.  ვარსკვლავები აქა იქა წყდებოდნენ კაბადონს, ნათელ კუდს ტოვებდნენ და  ამ ვეებერთელა უდაბნოს  გაშლილ მკერდზე ამოზრდილ უამრავ უკერტო ბორცვებში უგზო უკვლოდ იკარგებოდნენ.
       
          საჰარა ნელა იწყებდა ტანგოს კოსმოსთან და სრული ექსტაზის მოსალოდნელი განცდა არ მტოვებდა.

        ჩემს მახვილ სმენას,  მოულოდნელად, ღრმა ამოსუნთქვის ხმა და რიტმული მოძრაობით აშლილი  ქვიშის ხმაური მისწვდა.  ნირვანიდან სწრაფად გამოვერკვიე, დანა მოვსინჯე და სიბნელეს დავაყურადე. არაფერი ჩანდა.  ჯერ მხოლოდ ისმოდა...  გავირინდე. სრულიად შეუმჩნევლად ვისუნთქავდი მშრალ ჰაერს და ხმაურის გამეორებას ველოდი.

        არ შემშლია... ჩუმი ფრთქვინვა ხელახლა გაისმა და აშლილი ქვიშის ჩუმი წკრიალიც მაშინვე მოჰყვა... ხმაური უფრო ახლოს იყო ვიდრე ბანაკი. გაქცევას მაინც ვერ ვასწრებდი, ამიტომ ლოდინი და მზად ყოფნა ვარჩიე. მთლად სმენად ვიქეცი, მუხლებზე წამოვიწიე და დიუნიდან ქვემოთ გადავიხედე.

მთვარის კაშკაშა შუქზე დიუნებს შორის ჩაკარგულ ვიწრო ხეობაში ქვეყნიერებაზე ყველაზე ლამაზად მოყვანილი თავი, ამაყი კისერი და ძლიერად დაკუნთული მკერდი გამოჩნდა... მოულოდნელობამ გამაოგნა, ყველაფერს ველოდი მაგრამ...რასაც ვხედავდი, იმას - ნამდვილად არა.

      მთვარის ნათლით განედლებულ  უდაბნოს ღამეში  არაბული ბედაური მოაბიჯებდა...უნაკლო ცხოველი თითქოს საჰარას ღამეს ჩამოსტეხოდა თავისი ანკარა სიშავით. გლუვად მოციალე სხეული მთვარეს ირეკლავდა.  თეთრი, წვრილი კოჭები აბეზარ ქვიშაში ეფლობოდა და  ფეხებს ველური გრაციოზულობით უნაცვლებდა ერთმანეთს.  შეშინებულს ჰგავდა. ჰაერს მთელი ძალით ყნოსავდა. მაღალ, მშვილდივით მოდრეკილ კისერზე არტერია ისე გადაწოლილიყო, რომ  ძარღვზე თითების და ტუჩების ჩაყოლება ერთად მოგინდებოდა. გაგანიერებულ თვალებს აცეცებდა, თეთრი სკლერა შუქით პირდაპირ მთვარეს ერწყმოდა. შავი  ჩანჩქერივით  ჩამოშლილი ძუა მიწას ეფინებოდა  და მისივე ფეხების მოძრაობით ატეხილ  ნიავზე აბრეშუმის ძაფებად იშლებოდა.  ქალის თმასავით ნაზი  ფაფარი მუხლამდე სცემდა. შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა,  თითქოს  საჰარას ღამეული ზეციდან ვარსკვლავი იმიტომ ჩამობრძანებულიყო, რომ მის მშვენიერი თავი დაემშვენებინა.  გაოგნებული მივჩერებოდი უნაკლო ცხოველს და მჯეროდა, რომ  ვარსკვლავებიანი  ზეციურ სამყაროდან შემთხვევით აღმოჩნდა დედამიწაზე და ახლა, უკან დასაბრუნებელ გზას ეძებდა.  ცას ავხედე. უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა.  უცბად  ვიგრძენი, რომ ყველაფერი  ათას ერთი ღამის რომელიღაც  ჯადოსნურ ზღაპარს ჰგავდა რომელშიც მე აღმოვჩნდი და  არაფერი ისე არ მინდოდა, როგორც სამუდამოდ დარჩენა იმ არაბულ ზღაპარში.

  - ჯადარი! ამ ცხენს მთელი საჰარა იცნობს.- ჩაიჩურჩულა მუჰამადმა.


  - ნამდვილი სასწაულია...
  - ეს ალ ქაბირის ცხენია. -  ჩემს გვერდით ჩაიჩოქა გამყოლმა.
  - ვერც კი იფიქრებ რომ ნამდვილია, საოცარ ნახატს ჰგავს? მარტო როგორ გამოუშვეს?
  - ალბათ რაღაც მოხდა. 

  - არა მგონია პატრონს რამე უჭირდეს, ცხენი შეუკაზმავია, ალბათ გამოიქცა.  - ვუპასუხე დამტვრეული არაბულით.
  - ბედუინი და შეკაზმული ცხენი ?! ბედუინი ცხენზე კი არ ზის, არამედ  წევს  და  მის ფაფარში გახვეული  ისე მიფრინავს უდაბნოს მზისკენ,  როგორც ალაჰის ლოცვა ზეცისპირზე.

  - ალ ქაბირი ვინაა?
  - ბედუინია, უდაბნოს კაცი. ტიდიკელტიში მშობლები ჰყავს, თვითონ  - უდაბნოში ცხოვრობს. ოაზისებთან შორი-ახლოს ჩერდება. უცნაურია, აქაურებს არა ჰგავს. არც ცოლი ჰყავს, არც შვილი.  მომთაბარეები ამბობენ, რაღაცას წერსო. რას, - არავინ იცის... არავის აჩვენებს, საიდუმლოდ ინახავს. მისი ოცნება ემი კუსიზე ასვლაა.

  - ემი კუსი რა არის?
  -  ვეებერთელა კლდოვანი მთაა. მასზე ქვიშაც კი ვერ ჩერდება. ყველაზე მაღალი ადგილია საჰარაში.  რამდენი ქალი და მზეთუნახავი "ფათაათ ჯამილა" გიჟდება მისთვის.  ის კი თქვენსავით დიუნის წვერზე გაწვება და მთელი ღამეები ცას შესცქერის. შეუდარებელი ვაჟკაცი და ღირსეული ჭაბუკია ალ კაბირი. ცხენიც საკადრისი ჰყავს, ჯიშიანი.  ტოლი არა ჰყავს  არცერთს მთელ საჰარაში. ჩვენებური ბედაურების ლეგენდა კი ამ ცხენზეა.

  - რა ლეგენდა?
  - ამბობენ, ერთხელ ღმერთმა, სამხრეთის ანცი და თბილი ქარი დაიჭირა, სული ჩაბერა,  ცხენად აქცია და უბრძანა:  "ამიერიდან შენი სახელია არაბული ბედაური, შენი ყველა ღირსება შენს ფაფარში მოექცევა,  მეგობრად გაჩუქებ პატრონს და  გაჯილდოებ  დიადი ნიჭით - იფრინო ფრთების გარეშე.  ნიშნად გექნება თეთრი ვარსკვლავი შუბლზე."  ასე გაჩნდა არაბული ბედაური. - ჩურჩულით თქვა მუჰამადმა.

  - ეგ ლეგენდა ახლა ნამდვილად სიმართლეს ჰგავს. - ვთქვი ჩუმად.
  - რაღაც  ცუდი მოხდა ეტყობა, ბანაკის მიტოვება არ მინდა, მაგრამ ეს ცხენი... ასეთი რამ არ მახსოვს მომხდარიყოს...  რამე ხიფათი არ გვემუქრებოდეს... ნილნა, ბანაკში დაბრუნდი, ყოველი შემთხვევისთვის პოლონელი ექიმი გააღვიძე და ცეცხლი არ ჩააქრო, მეც მალე მოვალ. - თქვა მუჰამადმა და დიუნზე ირიბად ჩაცურება დაიწყო.

    უდაბნოს დუმილი მისმა ჩუმმა სტვენამ ვერც კი შეარხია, მაგრამ ცხენი  ჩვენკენ მოტრიალდა და ქანდაკებასავით გაქვავდა.



                                                  (იხილე როგორ გაგრძელდა)     
                                                             
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.
________________________________________________________________________________________________
http://www.youtube.com/watch?v=V-KfPvihap4&feature=related

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები